U18 ელიტ დივიზიონის ფინალურ ტურში პორტუგალიას 26-3 ვძლიეთ. ინგლისი ევროპის ჩემპიონია
2014 წლის U18 ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მესამე, ფინალურ ტურში, მატჩში მეშვიდე ადგილისათვის საქართველოს ნაკრები პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ოპალენიცას სტადიონზე გაიმართა და თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მატჩის პირდაპირ ეთერში სტრიმი ჰქონდათ დაანონსებული, ბმულზე შესვლისას ქომაგებს პარალერულად მიმდინარე იტალიისა და შოტლანდიის მატჩი დახვდათ. ორგანიზატორებმა მოგვიანებით, 16:00 საათზე ჩვენი 18 წლამდელების მატჩის ჩანაწერი დაუშვეს ვებგვერდზე.
მატჩის შესახებ – მესამე შეხვედრა, პირველი მოგება
პირველი ტაიმის დაწყებიდან რამოდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც პორტუგალიელებმა ანგარიშის გახსნა ჯარიმით შეძლეს. მოპოვებულ 3 ქულას მოწინააღმდეგემ ვეღარაფერი შემატა და შესაბამისად დადგა ქართველი 18 წლამდელების ჯერი – პორტუგალიის ნაკრებს ჯერ ბესიკ გოგოლაძემ დაუდო ლელო, ხოლო მოგვიანებით, ბექა გორგაძემ იყოჩაღა. ორივე ლელო დავით ლობჟანიძემ გარდასახა და საქართველო 14-3 დაწინაურდა. მოგვიანებით პორტუგალიელები გიორგი კოშაძემ დაამწუხრა. გარდასახვა ამჯერად გუნდის კაპიტანმა, ირაკლი სვანიძემ შეასრულა და პირველი ნახევარი, საქართველო 18 წლამდელთა ნაკრებმა 21-3 დაასრულა. მეორე ნახევარში უმცროს ბორჯღალოსნებს რამოდენიმეჯერ მიეცათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, რომელიც ლელოთი ვერ დასრულდა. თამაშისათვის განკუთვნილი დრო უკვე იწურებოდა, როდესაც მესამე ხაზელმა თორნიკე ზოიძემ მატჩის მეოთხე ლელო დადო. ამჯერად გარდასახვა არა ზუსტი აღმოჩნდა და მალევე გაისმა ფინალური სასტვენი. საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 26-3 დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები და ელიტ დივიზიონში ზედიზედ ორჯერ მეექვსე ადგილის მოპოვების შემდეგ, წელს ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
ელიტა ინგლისელმა 18 წლამდელებმა მოიგეს
წინა ტურში საქართველოს ნაკრებზე გამარჯვება, ელიტ დივიზიონის წლევანდელ გათამაშებაში ბოლო აღმოჩნდა იტალიისათვის, მუხუთე ადგილისათვის მატჩი მათ ილრანდიასთან 21-15 დათმეს და შესაბამისად მეექვსეზე გავიდნენ. უელსელმა 18 წლამდელებმა მესამე ადგილი საფრანგეთზე 31-30 მოგებით დაიკავეს. წლევანდელი ელიტ დივიზიონის ჩემპიონები კი ინგლისელი 18 წლამდელები გახდნენ, რომლებმაც ფინალში 30-14 დაამარცხეს ირლანდიის ნაკრები.
კომენტარი
დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ეს თამაში ბევრად უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე პირველი ორი. აქ უკვე გამოჩნდა, რომ გუნდში ნერვიულობა მოისპო და შესაბამისად ბიჭებმა უფრო ლაღად ითამაშეს. სამწუხაროდ ეს მხოლოდ ბოლო თამაშზე მოხდა. ბიჭები დარწმუნდნენ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ და მოიგეს.
„დღეს გუნდმა ის თამაში ანახა რაც შეუძლია. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ სათამაშო გამოცდილების ნაკლებობის ხარჯზე ვერ დავდეთ კარგი შედეგი და მეშვიდეზე გავედით. რაც მთავარია ხარვეზები და შეცდომები შევისწავლეთ, თბილისში ჩამოვალთ და ყველაფერს გავითვალისწინებთ.“
Rugby.GE