ჩემპიონთა ლიგის მთავარი ინტრიგები
დღეს და ხვალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩებს უმასპინძლებს. “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსის” მიიღებს, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალი” მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდება.
ბოლო მატჩებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ “ჩელსის” მოთამაშეები სეზონის ბოლო დაღლილობას უჩივიან. არადა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოურინიოს გუნდს სწორედ ახლა აქვს. “ატლეტიკოსთან” ორ დაპირისპირებას შორის პრემიერლიგის წლის მთავარი მატჩიც არის ჩასატარებელი, სადაც “არისტოკრატები” “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. საქმეს ეტო’ოს ტრავმა და აზარის ოპტიმალურ კონდიციებში არყოფნაც ართულებს.
ამ წვყილის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა მეკარეების, პეტრ ჩეხის და ტიბო კურტუას დაპირისპირებაა. კურტუა დღემდე “ჩელსის” საკუთრებაა და “ატლეტიკოში” იჯარის წესით ასპარეზობს. მისთვსი ლონდონელებთან მატჩი შესანიშნავი შესძლებლობაა, რომ თავისი მაღალი კლასი დაუმტკიცოს “არისტოკრატების” ბოსებს.
“ატლეტიკო” – “ჩელსის” კიდევ უფრო საინტერესოს ფერნანდო ტორესის ფაქტორი ხდის. იყო დრო, როდესაც ახალგაზრდა ტორესი “ატლეტიკოს” ლიდერი იყო და მთელი გუნდი სწორედ მასზე იყო აწყობილი. ეტო’ოს ტრავმა ფერნანდოს ძირითადში გამოჩენის ალბათობას ზრდის. საინტერესოა გაუტანს თუ არა ესპანელი თავის მშობლიურ გუნდს.
ტორესის ბედი შესაძლოა დიეგო კოსტამ გაიზიაროს. “ატლეტიკოს” მთავარი მეგოლის “ჩელსიში” ტრანსფერი დიდი ალბათობით სეზონის დასრულების მერე შედგება. თუმცა, ახლა კოსტა ჯერ კიდევ “ატლეტიკოს” ფეხბურთელია და სწორედ მადრიდელებისთვის უდნა გაიტანოს.
და ბოლოს, ამ დუელის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი მწვრთნელების დაპირისპირება იქნება. სიმეონეს და მოურინიოს ტაქტიკური ბრძოლა ალბათ საფეხბურთო ჭადრაკს დაემსგავსება. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაში ორივე მწვრთნელი რისკების მინიმუმამდე დაყვანას შეეცდება.
აღნიშნული დაპირისპირება თამამად შეგვიძია მივიჩნიოთ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნაადრევ ფინალად. ორი დიდი კლუბის დაპირისპირების პირველი სერია ხვალ შედგება.
უცნაურია, მაგრამ ესპანური პრესის ცნობით მადრიდული მატჩის ბილეთები საკმაოდ ცუდად იყიდება. “რეალი” – “ბაიერნზე” დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 49 ევროა, ხოლო ბილეთის ფასის ზედა ზღვარი 900 ევროა. მადრიდელი გულშემატკივრები თვლიან, რომ ფასები გადამეტებულია. ამიტომ, შესაძლოა “ბერნაბეუზე” ანშლაგი ვერ ვიხილოთ, რაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში “რეალის” 17-მატჩიან საშინაო დაუმარცხებელ სერიაზე აისახოს. აღსანიშნავია, რომ ბოლოს “რეალი” 2011 წლის 27 აპრილს გვარდიოლას გაწვრთნილ “ბარსელონასთან” დამარცხდა.
“რეალი” – “ბაიერნის” დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარი ინტრიგა რონალდუს და ლამის დუელი იქნება. პორტუგალიელი ამ მატჩისთვის დღეში 5 საათი, საგანგებო პროგრამით ემზადებოდა.