მოურინიო: „ანგარიშით 5:0 გამარჯვება მინდოდა“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი მატჩი საყაიმო ანგარიშით 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უგოლო ფრე მისი გუნდისთვის საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა.
„მე, რა თქმა უნდა, ანგარიშით 5:0 გამარჯვება და ფინალში გასვლა მინდოდა, მაგრამ მესმის, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე არწაგებაც რთული საქმეა. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთვის უგოლო ფრე დიდებული შედეგია, თუმცა განმეორებითი შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.
გარი კეჰილმა დიდი სამუშაო გასწია. დავიდ ლუისმა თამაში ნახევარდაცვაში დაიწყო და მისთვის ადვილი არ ყოფილა ცენტრალურ დაცვაში გადანაცვლება. ეშლი კოულმა რამდენიმე კვირიანი უქმობის შემდეგ საოცრად ითამაშა. ნანდო ტორესიც შესანიშნავი იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ძალ-ღონე არ დაზოგა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.
გოლი გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. წყვილის ბედს „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს“, – მოურინიოს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ შორის განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი