მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ტრაბზონში იმარჯვა
ევროლიგის პლეი ოფში თამაშის გამო, მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი გაუცდა. სტამბოლელები დანარჩენ გუნდებს 2-3 მატჩით ჩამორჩებიან და ამის გამო შუა კვირაში უწევთ პერიოდულად თამაში.
დღეს, 24 აპრილს, „გალათასარაიმ“ ტრაბზონში ადგილობრივი „ტრაბზონსფორი“ 75:69 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და თავი 2 ქულას და 1 პასს მოუყარა. მარკოიშვილმა ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
სტამბოლელებში 13 ქულა-6 პასით საუკეთესო კარლოს აროიო გახდა, ხოლო 10-10 ქულა ფურქან ალდემირმა და მალიქ ჰერტსონმა მიითვალეს. ტრაბზონელთაგან კი 14 ქულით კირკ პენი გამოირჩა.
„გალათასარაის“ 15 მოგება და 10 მარცხი გააჩნია და ცხრილში მე-7 ადგილზეა. სათქმელია, რომ გუნდების უმრავლესობას სტამბოლელებზე 2 მატჩით მეტი აქვს გამართული. რეგულარულ ჩემპიონატში გუნდებმა 30-30 შეხვედრა უნდა ჩაატარონ, რის შემდეგაც საუკეთესო 8 პლეი ოფში გავა.
gbf.ge