უეფამ ევრო-2016-ის საბოლოო გრაფიკი გამოაქვეყნა
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ფინალური ტურნირის გრაფიკის საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. გახსნისა და დახურვის მატჩები პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. გახსნით მატჩში საფრანგეთის ნაკრები ითამაშებს. ჯგუფის დანარჩენ ორ შეხვედრას „მამლები“ მარსელსა და ლილში ჩაატარებენ.
„სტად დე ფრანსს“ უმაღლესი კატეგორიის მატჩები აქამდეც მიუღია. ამ სტადიონზე გაიმართა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის ფინალი. შეგახსენებთ, რომ ამავე არენაზე შედგა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი (2:0).
ევრო-2016 თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, რადგან ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, სულ 51 შეხვედრა გაიმართება. მატჩები თბილისის დროით 17:00, 20:00 და 23:00 საათებზე დაიწყება.
ტურნირის პირველი მატჩი 10 ივნისს, თბილისის დრით 23:00 საათზე აიღებს სტარტს, ბოლო შეხვედრა კი 10 ივლისს შედგება. მეოთხედფინალური შეხვედრები მარსელში, ლილში, ბორდოსა და სენ-დენიში გაიმართება, ნახევარფინალკური მატჩები კი – ლიონსა და მარსელში. ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.
იხილეთ: ევრო2016-ის კალენდარი
ბექა დოგრაშვილი