ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მადრიდის “რეალია”
მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. “ბაიერნისა” და “რეალის” მატჩი სტუმრების გამანადგურებელი გამარჯვებით, 0:4 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის მე-16 წუთზე ლუკა მოდრიჩის მოწოდებული კუთხურის შედეგად გაიხსნა. ხორვატის გადაცემას სერხიო რამოსი გამოეხმაურა და ბურთი ნოიერის კარში გადაგზავნა.
ზუსტად 4 წუთში რამოსმა დუბლის გაფორმება მოახერხა და ისევ სტანდარტის შემდეგ. ამჯერად ასისტონტობა რამოსს პეპემ გაუწია.
34-ე წუთზე თავისი სიტყვა კრიშტიანუ რონალდუმაც თქვა. ბრწყინვალე კონტრშეტევის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩენილ პორტუგალიელს სარეკორდო, მეთხუთმეტე გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმში მატჩის ტემპი დაეცა, თუმცა ბოლო წუთზე რონალდუმ დუბლის გაფორმება მაინც მოახერხა. ეშმაკურად შესრულებული ჯარიმით მადრიდელთა შვიდიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და “ბაიერნის” განადგურებას წერტილი დაუსვა.
ბაიერნი 0-4 რეალი
გოლები: რამოსი 16′ ; 20′ ; რონალდუ 34′ ; 90′
“ბაიერნი”: ნოიერი, დანტე, ბოატენგი, ლამი, ალაბა, რიბერი (გიოტცე 72′), რობენი, მიულერი (პიზარო 72′), შვაინშტაიგერი, კროოსი, მანჯუკიჩი (მარტინესი 46′).
“რეალი”: კასილასი, პეპე, რამოსი (ვარანი 75′), კოენტრაო, რონალდუ, ბენზემა (ისკო 80′), ბეილი, ალონსო, კარვახალი, მოდრიჩი, დი მარია (კაზემირო 84′).