„მანჩესტერის“ თავკაცის პოსტზე ვან გალის კანდიდატურა მომდევნო კვირაში დასახელდება
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ მასალაში წერს, რომ მომდევნო კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის სპეციალისტი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ვან გაალი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისი სამწვრთნელო შტაბის მიყვანას გეგმავს, მათ შორის იქნება ჰოლანდიის ნაკრებში მისი ამჟამინდელი თანაშემწე პატრიკ კლუივერტი.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დროებით მომუშავე რაიან გიგზსა და მის სამწვთნელო გუნდს, რომელშიც პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და ფილ ნევილი შედიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიგზსა და კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის მთავარი თემა უელსელის მომავალი იყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა შეხვედრა, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობას გიგზის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვან გალი „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი სამწვრთნელო შტაბით მისვლას აპირებს.
გარდა ამისა, „დეილი მეილი“ წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვან გალისთვის ფინანსებს არ დაიშურებს, რათა ჩავარდნილი სეზონის შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინოს.
ბექა დოგრაშვილი