შეიკის ბებია: „რონალდუს ჩვენთან სტუმრობა არასერიოზული საქციელი იქნება“
გაზეთმა „სოვეტსკი სპორტმა“ მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს მეგობარ გოგონა ირინა შეიკის ბებიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ნინა ფედოროვნამ თავისი შვილიშვილისა და ფეხბურთელის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ირინა ჯერჯერობით არ აპირებს დაქორწინებას. იქნებ ეს არის ბოლო პერიოდში კრიშტიანოს სევდიანობის მიზეზი…
ირინას ბებია ბაშკირეთის პატარა ქალაქ სიბაიში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს. ქალაქში მას ყველა პატივს სცემს, თუმც არა შვილიშვილის გამო, ის ადგილობრივი სადაზღვევოს კომპანიის ხელმძღვანელად მუშაობდა და საკმაო რაოდენობის ჯილდოებიც აქვს მოგროვებული. ახლა კი პენსიაზეა. შვილიშვილის სტუმრობას ყოველთვის დიდი მოლოდინით ელის ხოლმე.
— იშვიათად ხედავთ თქვენს შვილიშვილს?
— მას ისეთი გრაფიკი აქვს, რომ ჩემთან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს. წელიწადში მაქსიმუმ ორი-სამი დღით ჩამოვიდეს. საზღვარგარეთიდან ურეკავენ ხოლმე.
—ქორწინებაზე რაიმე ხომ არ გითხრათ?
— ცოტა ხნის წინ ამაზე გვქონდა საუბარი. გათხოვებას არ ჩქარობს. ამბობს, რატომ უნდა ვიჩქაროო. ჯერჯერობით მუშაობს, გათხოვდება კიდეც, ბავშვსაც გააჩენს, თუმცა ეს ყველაფერი მოიცდის.
— ალბათ, სიბაიში თაყვანისმცემლებს ემალება…
— ის ჩვეულებრივი გოგოა. მის ჩამოსვლას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ მოჰყვება ხოლმე.
— რონალდუ ირინასთან ერთად არ აპირებს ჩამოსვლას?
— არა. რა რანგში უნდა ჩამოვიდეს აქ რონალდუ?
— როგორც მეგობარი…
— არა, ეს არასერიოზულია.
(გარშემო კედლებზე ირინას რამდენიმე სურათი კიდია, კარადაზე საოჯახო ფოტო დევს, იქვეა რონალდუს ფოტო ავტოგრაფით).
— ეს ფოტო საიდან გაქვთ?
— ირინამ ჩამომიტანა. გადავწყვიტე, რომ არ გადამეგდო.
— ვინ არის გამოსახული ფოტოზე იცით?
— დიახ, მე გაზეთებს ვკითხულობ. მასზე ბევრს წერენ.
— ალბათ, ფეხბურთიც გიყვართ…
— ბოლო ჩემპიონატის ყველა მატჩს ვუყურე, სადაც რონალდუ თამაშობდა, თუმცა უფრო მეტად რუსეთის ნაკრებს ვქომაგობდი.
— მოგწონთ ის, რითაც ირინაა დაკავებული? მისი კარიერა?
— რა თქმა უნდა, მომწონს, თუმცა ვდარდობ, რომ ის რუსეთში არ არის, სახლში არ არის. ჩვენ აქ ვართ, ის კი იქ მარტოა.
— ირინა სუპერმოდელი რომ არ გამოსულიყო, ვინ იქნებოდა?
— ეკონომისტი იქნებოდა. ეკონომიკის კოლეჯშიც კი ჩააბარა.
— ჯობდა, რომ ჩვეულებრივი ეკონომისტი ყოფილიყო და სახლში მჯდარიყო?
— არა. სახლში ჯდომით მთელი მსოფლიო ვერ გაიცნობდა. ძალიან მახარებს მისი საქმიანობა. ინტერვიუ და ჩემი ფოტო მოგეცით, რის გამოც ირინასგან ჩხუბი არ ამცდება.
— რატომ?
— თქვენ სიმართლეს არ წერთ. ქორწინების თარიღიც კი გქონდა მითითებული: 12 ივლისი. რატომ გააკეთეთ ასე? სანდო მონაცემები სხვა საქმე იქნებოდა. ახლა თქვენ ჩვენს დიალოგსაც სხვაგვარად დაწერთ.
ბექა დოგრაშვილი