ლანჩხუთში გასამართი მატჩის წინ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.
ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ სამჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
გურულთა და მარგველთა მორიგი შეხვედრა 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.
ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა.იმის მიუხედავად, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.
სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.
“გურიასა” და “ზესტაფონს” შორის 7 მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც გორელი არბიტრი ხვიჩა გაგნიძე განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური