დინამომ ჩემპიონობა გადადო და ინტრიგა დააბრუნა
დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
შეხვედრაში გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა მე-4 წუთზე სტუმრებს მიეცათ. “დინამოს” საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა დავით ოდიკაძემ შეასრულა, თუმცა ლორია ბურთს ადგილზე დახვდა.
პირველ ნახევარში მატჩი ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლაში მიმდინარეობდა. მე-19 წუთზე უკვე მასპინძლებს მიეცათ სახიფათო სტანდარტის შესრულების საშუალება. მაგრამ, კვირკველიას ჩაწოდებულზე ყველას სომხიშვილმა დაასწრო.
ამის შემდეგ ჯიღაურმა და მარცვლამაძემ გაცვალეს შორეული დარტყმები. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა დამაჯერებლად ითამაშეს. აღსანიშნავია დეკანოიძის ეფექტური მცდელობაც.
მეორე ტაიმში “დინამომ” ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 49-ე წუთზე “ჩიხურას” საჯარიმოს ხაზზე დაინიშნა საკმაოდ სახიფათო ჯარიმა, მაგრამ მერებაშვილის დატყმული მცირე მანძილით ასცდა მიზანს. ზუსტად 10 წუთში ანალოგიური შესაძლებლობა მარცვალაძესაც მიეცა. მისი დარტყმული სომხიშვილმა იოლად მოიგერია.
ტაიმის მეორე ნახევარში თავის გამოჩენის საშუალება ხიდეშელს, რეხვიაშვილს და კვირკველიას ჰქონდათ, მაგრამ დინამოელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
დღევანდელი მატჩის შემდეგ “ზესტაფონთან” სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ ორ ტურში “დინამო” ბოლნისის “სიონთან” და რუსთავის “მეტალურგთან” ითამაშებს.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე: ჩვენთვის ფაქტობრივად ეს ბოლო თამაშები თასის ფინალისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შეიძლებოდა მოგება, თუმცა აღვნიშნავ, რომ მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. წინა თამაშებში ქულები დავკარგეთ და თბილისში არ წაგება თავმოყვარეობის საქმე იყო.
მალხაზ ჟვანია: გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს არ უნდა თამაშობდეს ისე, როგორც პირველ ტაიმში ვიასპარეზეთ. ზესტაფონთან შეხვედრამ დიდი ძალები წაგვართვა და ფეხბურთელებმა ეტყობა ვეღარ მოახერხეს აღდგენა, თუმცა ეს სულაც არ ამართლებს დღევანდელ შეხვედრას. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ვერ შევძელით დაწინაურება.
დინამო 0:0 ჩიხურა
დინამო: ლორია, კვირკველია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ხურცილავა, ცინცაძე (ჯანელიძე 82), ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 46), ჩისკო (მოდებაძე 64), მერებაშვილი, მარცვალაძე
ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (ლომია 87), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, ხმალაძე, დეკანოიძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები