ნაცუ ბაშო მოახლოვდა
ორად ორი დღე დარჩა და ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში სტარტს აიღებს წლის რიგით მე-3 სუპერტურნირი სუმოში, რომელსაც ადგილობრივები ნაცუ (იგივე ზაფხულის) ბაშოს უწოდებენ.
იაპონური სუმოს ასოციაციამ კი დღეს ნაცუ ბაშოს საწყისი 2 დღის ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.
მაშ ასე, ჩვენი გაგამარუს პირველი მეტოქე მისი ყოფილი თანაგუნდელი, იაპონელი კიტატაიკი იქნება (კიტანოუმის სკოლიდან), რომელიც დასავლეთის მე-13 მაეგაშირად გახლავთ განთესილი. გაგა კი, როგორც იცით, აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას სტატუსით იბრძოლებს და იმისთვის, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს, უცილობელი კაჩი-კოში დაჭირდება.
ურთიერთშეხვედრებში გაგას და კიტატაიკის სრული თანაფარდობა აქვთ – აქამდე მათ 6-ჯერ მოუწიათ პირისპირ დადგომა დოჰიოზე და 3-3 მოგება-წაგება გაცვალეს.
ბაშოს მე-2 დღეს ჩვენი გოლიათის მეტოქე მონღოლი მე-15 მაეგაშირა, კიოკუშუჰო იქნება, რომელიც გაგამარუსთვის ერთ-ერთ უხერხულ მოწინააღმდეგედ ითვლება. მონღოლთან აქამდე ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული გაგას, 4-ში კი მარცხი იწვნია.
რაც შეეხება მეორე ჩვენებურს, ლევან გორგაძეს, როგორც იცით, იგი ამ ბაშოზე მაკუშიტას (რანგით მე-3 დივიზიონი) მე-6 ნომრის სტატუსით გამოვა და ჯურიოში (მე-2 დივიზიონი) გადმოსასვლელად იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ უმძიმესი ტრავმის გამო ტოჩინოშინს დაახლოებით 8 თვე გაუცდა და უმაღლესი დივიზიონიდან მაკუშიტას 55-ე ნომრამდე დაქვეითდა. ლევანმა მხოლოდ წინა ბაშოზე შეძლო დოჰიოზე დაბრუნება და მიუხედავად ხანგრძლივი უქმობისა, უპრობლემოდ მოახერხა დივიზონში გაჩემპიონება.
რაც შეეხება მაკუშიტას დივიზიონში სასტარტო ორთაბრძოლათა განრიგს, იგი ჯერ-ჯერობით უცნობია – როგორც წესი, მას მხოლოდ ერთი დღით ადრე ადგენენ სუმოს მამები. შეგახსენებთ იმასაც, რომ მესამე-მეექვსე დივიზიონებში სუმოისტებს მხოლოდ 7-7 ორთაბრძოლის გამართვა უწევთ, ამიტომ ისინი ყოველდღიურად არ გამოდიან დოჰიოზე. ასე რომ, ხვალ ამ დროისთვის უკვე გვეცოდინება, მოუწევს თუ არა ტოჩინოშინს ბაშოს სასტარტო დღეს დოჰიოზე გასვლა.
წარმატებული გამოსვლა ვუსურვოთ ჩვენ სუმოისტებს მოახლოვებულ ბაშოზე!
ამირან ურუშაძე