როჯერსი: „ამ დრომდე შოკში ვარ“
„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. მერსისაიდულ გუნდს ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ძალიან მცირე. ამისთვის, პირველ რიგში, „მანჩესტერ სიტი“ შინ უნდა დამარცხდეს „ვესტ ჰემთან“ და თავად „ლივერპულმა“ „ნიუკასლი“ უნდა დაამარცხოს.
მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარ ფეხბურთელებს სეზონის დასასრულს ულოცავს და აცხადებს, რომ „წითლები“ მომავალ წელს უფრო მაღალი შედეგისთვის იბრძოლებენ. როჯერსის თქმით, ის ჯერ კიდევ არ გამოსულა წინა ტურში „კრისტალ პალასისგან“ მიღებული შოკიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 იგებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა და მეტოქეს 3:3 დაუზავდა.
„ჩემს მოთამაშეებს სეზონის მიწურულს ვულოცავ. მათ „ლივერპული“ მსოფლიო დონეზე დააბრუნეს. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ სეზონში უფრო მაღალ შედეგს ველით. სამჯერ ვუყურე „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს და ამ დრომდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან“, – როჯერსის სიტყვებს „ბი ბი სი“ აქვეყნებს.
აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის 38-ე ტურის ათივე შეხვედრა ერთ დროს დაიწყება — 11 მაისს, 18:00 საათზე.
ბექა დოგრაშვილი