ლუის სუარესი: „სამწუხარო იქნება, თუ კრიშტიანუ რონალდუ გაიტანს“
ინგლისური „ლივერპულისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაერთვება. გარდა ამისა, ურუგვაელმა ფორვარდმა მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ მისი შესაძლო გადასვლის შესახებ გაჩენილი ჭორები უარყო.
„ბოლო პერიოდში პრესაში ბევრი ჭორი იწერება ჩემი მომავლის შესახებ. ახლა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ ფოკუსირებული. „ლივერპულთან“ ერთად შესანიშნავი სეზონი მქონდა. დრო მოვიდა, ნაკრებზე ვიფიქრო“, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ბრიტანული „გარდიანი“.
— მართლა არსებობს თქვენს კონტრაქტში პუნქტი, რომელიც „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადასვლის შესაძლებლობას გაძლევთ?
— არა, ასეთი რამ არ არის. რამდენადაც ვიცი, შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც რომელიმე კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესობას აძლევს.
— ისურვებდით ნეიმართან და მესისთან ერთად თამაშს?
— ყველამ იცის, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.
— სჭირდება „ბარსელონას“ ტიპიური მე-9 ნომერი? რამდენად მოერგება ასეთი ფეხბურთელი კატალონიელთა სქემას?
— მე მწვრთნელი არ ვარ, ამაზე რომ გიპასუხოთ. „ბარსელონაში“ კარგად იციან, რა არის საჭირო. მე „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს.
— რას აკეთებთ, როდესაც თქვენი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას კითხულობთ?
— შემდეგ გვერდზე გადავდივარ. კარგად იცით, პრესას ჭორის აგორება რომ შეუძლია. ვცდილობ, ამას ყურადღება არ მივაქციო. ვიცი, რა მინდა. ჩემს აგენტს შეუძლია თქვას, რა არის სიმართლე და რა ჭორი.
— ამ სეზონში 31 გოლი გაიტანეთ და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში გალიდერდით. კრიშტიანუ რონალდუს ამდენივე გოლი აქვს გატანილი, თუმც ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ტურია სათამაშო. ამაზე რას ფიქრობთ?
— იმდი მაქვს, ვერ გაიტანს. კრიშტიანუ რონალდუ მესისთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე თავს ვიკლავ, გოლი რომ გავიტანო, მათ კი ეს ადვილად გამოსდით. სამწუხარო იქნება, თუ გოლის გატანას მოახერხებს.
ბექა დოგრაშვილი