დინამომ თასი ჩაიბარა
“დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩში თბილისის “დინამომ” რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, თუმცა “დინამომ” მატჩის სადავეები ხელთ მალევე იპყრო და მე-12 წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შემქნა. ჩისკომ მარჯვენა ფლანგზე ხურცილავა მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ძლიერი გადაცემა გააკეთა. 11-მეტრიანის ნიშნულთან მერებაშვილმა ბურთი გაატარა, თუმცა მარცვალაძემ დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა.
მე-16 წუთზე “დინამოს” შეტევას რუსთაველებმა უპასხუეს, თუმცა სეთურიძის დარტყმის მოგერიება ლორიამ შესძლო.
სამ წუთში კი პირველი გოლის დროც მოვიდა. მარჯვენა ფლანგზე კვირკველიამ ლამაზად მოატყუა მცველი და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავით შესანიშნავად ჩისკომ ითამაშა და სეფიაშვილს აუღებლად დაურტყა – 1:0.
რუსთაველები შორი დისტანციიდან ცდილობდნენ გოლი გატანას, თუმცა დობროვოლსკის და კაკაშვილის დარტყმებს სიზუსტე აკლდა.
ტაიმის ბოლოს ჩისკოს დუბლის გაფორმება შეეძლო. მერებაშვილის პასის შემდეგ ესპანელმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა მეტოქის კარს.
შესვენების დროს სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “დინამოს” დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცა და ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, თუმცა ტემპი საგრძნობლად დაეცა. გუნდებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.
58-ე წუთზე დინამომ მარცხენა ფლანგიდან შეუტია. მარცვალაძემ ლამაზი პასით საჯარიმოში ჩისკო მოძებნა, რომელსაც ამ ეპიზოდში უკვე გატანა არ გასჭირვებია. “დინამოს” შეტევების ლიდერმა დუბლთან ერთად უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.
დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ “დინამოს” ფეხბურთელები ოქროს მედლებით დააჯილდოვა და უამღლესი ლიგის თასიც გადასცა.
დინამო 2:0 მეტალურგი
გოლები: 1:0 ჩისკო 19’ 2:0 ჩისკო 58’
დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, ხიდეშელი (რეხვიაშვილი 74), კვირკველია, პაპავა, ძარია (ცინცაძე 46), გოგა (პაპუნაშვილი 46), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე
მეტალურგი: სეფიაშვილი, მახვილაძე, გოგინაშვილი (გოცაძე 80), საჯაია, კაკაშვილი (გ. კილასონია), ექვთიმიშვილი, ცნობილაძე (კიტეიშვილი 62), ვ. კილასონია, დობროვოლსკი, სეთურიძე, ქავთარაძე
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები