ლამპარდი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც „სამი ლომის“ პირველი კაპიტანია.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდისა და ჯერარდის შესახებ ისაუბრა.
„ფრენკი ნაკრების ვიცე-კაპიტანია. ჯერარდის არყოფნის შემთხვევაში, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ისედაც ლამპარდი მიუძღვებოდა და თავის საქმეს შესანიშნავადაც ასრულებდა. ვთვლი, რომ გამოცდილებისა და ოსტატობის გათვალისწინებით მას შეუძლია, ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყოს.
ვიცი, რომ ჯერარდი სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ახლა მას მუნდიალი ელის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერია. ჯერარდი პრემიერლიგაში განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონტს აწეული თავით შეხვდება“, – როი ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
35 წლის ლამპარდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებული 103 მატჩია. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა.
ბექა დოგრაშვილი