U19 ბორჯღალოსნები ინგლისში საგრაფოთა ნაკრებს ეთამაშებიან
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც ორ შეხვედრას გამართავს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ. 21 მაისს გუნდები ერთმანეთს სავარჯიშო ტიპის სპარინგ-მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კემბრიჯში, რაგბის კლუბ ‘შელფორდის” მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. რამოდენიმე დღის შემდეგ, 24 მაისს, გუნდები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა, რაგბის კლუბ „ქებრიჯის“ სტადიონ – ვოქალ პარკზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
ქართული რაგბის ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ორივე შეხვედრის ჩანაწერის ხილვა შესაძლებელი იქნება საქართველოს რაგბის კავშირის Youtube.com და Myvide.ge ოფიციალურ არხებზე, მატჩების დასრულებიდან მეორე დღეს.
საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება
საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო. როდესაც, საერთაშორისო ტურნეს გასამართად საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 წლამდელთა გუნდი 2013 წლის მაისში ეწვია. ინგლისელებმა ორი შეხვედრა გამართეს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ და ორივეში, საკმაოდ რთულ და საინტერესო მატჩში სამწუხაროდ სძლიეს ჩვენ ბიჭებს. ტურნეს დასრულებისას, საგრაფოთა 20 წლამდელების მწვრთნელმა, ბობ ჰუდმა განაცხადა: „საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზულ სარაგბო ერს წარმოადგენს. ქართველი 19 წლამდელები ორივე მატჩში საკმაოდ ორგანიზებულად და ძლიერად ბურთაობდნენ. ჩვენი გუნდით ძალზედ კმაყოფილი ვარ, ვინაიდან კარგად ითამაშეს და ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხეს.“
საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება. წელს, 19 წლამდელების ინგლისური ტურნეს შემდეგ, საქართველოში ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები გვეწვევა. ისინი ორ საერთაშორისო ტესტს გამართავენ მზარდი საქართველოს ნაკრებთან. შეხვედრები 4 და 8 ივნისს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
„ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20 წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდა. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის ტესტი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამ წლიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებში ქართველი 19 წლამდელები, საპასუხო ვიზიტით მიემგზავრებიან ინგლისში; წელსვე, ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ და უკვე გაისად, კვლავ გვესტუმრებიან ინგლისელი 20 წლამდელები.
“ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის ტესტებით, ჩვენი მოთამაშეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ხურციძემ.
Rugby.GE