მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ნახევარფინალში “ბეშიქთაში” არ შეუშვა
მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. სტამბოლურ დერბიში “გალამ” საერთო ანგარიშით 2:1 “ბეშიქთაში” დაამარცხა და შარშან მოგებული ტიტულის დაცვას აგრძელებს.
გადამწყვეტ მატჩს “გალათასარაის” მოედანმა უმასპინძლა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, რომლის ბოლო წუთებზე ყველაფერი მარკოიშვილის თანაგუნდელთა სასარგებლოდ გადაწყდა. საბოლოოდ “გალათასარაიმ” 78:65 გაიმარჯვა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველ ლეგიონერს მიუძღვის.
მარკოიშვილმა 24:26 წუთს ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. სინან გიუერმა მასპინძებს 15 ქულა შესძინა, კარლოს აროიომ კი – 12 ქულა და 8 პასი.
ნახევარფინალში “გალათასარაი” “ბანვითს” შეხვდება, რომელმაც სერია მშრალად, 2:0 მოუგო “თოფაშს”.
gbf.ge