ბურუსით მოცული მომავალი
21 მაისს გამართული თასის ფინალის მატჩით ქართული საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. 2013/14 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება უკვე ისტორიის ნაწილია. გასულ სეზონში ტრადიციულად მრავლად იყო სკანდალები, დაპირისპირებები, უსიამოვნო ეპიზოდები. თუმცა, ეს ფეხბურთია და მსგავსი ფაქტები მას ყოველთვის თან ახლავს. მთავარია, მოვლენებიდან სწორი დასკვნების გამოტანა ვისწავლოთ და მომავალში შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
გასული სეზონი ევროთასების მიმდინარეობისას დაიწყო, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით მოთამაშე გუნდებისთვის იოლი არ ყოფილა. ორ ფრონტზე ბრძოლა განსაკუთრებით გორის „დილას“ გაუჭირდა, რომელიც უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად იყო შერაცხული, თუმცა ევროსარბიელიდან ქართულ ასპარეზზე გადმორთვა ხეირიანად ვერ შესძლო და სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. შემდეგ ამას „დილაში“ არსებული ფინანსური პრობლემებიც დაემატა და საბოლოოდ, შემადგენლობიდან გამომდინარე არც თუ ისე სუსტმა გუნდმა, ექვსეულშიც კი ვერ შეძლო მოხვედრა.
ჩემპიონატის პირველი წრის ნამდვილი აღმოჩენა ლანჩხუთის „გურია“ გახდა . სახელფასო დავალიანებით და ნეინტრალურ მოედანზე მოთამაშე გურულებმა „საშინაო“ მატჩებში თითქმის ყველა ლიდერის დამარცხება მოახერხეს. თუმცა, მეორე ეტაპზე „გურიამ“ ვეღარ იყოჩაღა და მეექვსე პოზიციით დაკმაყოფილდა.
„გურიისგან“ განსხვავებით მეორე წრე იღბლიანი სიონისთვის გამოდგა. სეზონის წინ ბოლნისური კლუბი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა, რომლებსაც სათავეში გიორგი კიკნაძე ჩაუდგა. თუმცა, ამ ამბიციურ გუნდს საქმე კარგად ვერ აეწყო. „სიონს“ ჩემპიონატის მესამე ტურიდან ჩავარდნა დაეწყო, რომელიც 8-მატჩიანი მოუგებელი სერიისგან შედგებოდა. სასტარტო ათ ტურში კი, ბოლნისელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს, რაც კლუბის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების მიზეზი გახდა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლადო ბურდულის მოსვლის შემდეგ „სიონმა“ ისევ 8-მატჩიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე წაუგებელი სერია გამოაცხო და სატურნირო ცხრილში მნიშნველოვანი პროგრესი განიცადა. „სიონის“ წარმატებული სვლა ექვსეულებად დაყოფის შემდეგაც გაგრძელდა. საბოლოოდ ბოლნისელბმა მესამე პოზიცია და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს.
სეზონის შუაში “ვისოლის” წასვლის შემდეგ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ქუთაისის “ტორპედო”. სპონსორის წასვლას “დინამოსთან” მატჩში მომხდარი ინციდენტიც დაემატა. მიუხედავად ყველაფრისა, ქუთაისელებმა სეზონის ღირსეულას დასრულება მოახერხეს და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავეს. “ტორეპდოს” ერთი პოზიციით და სამი ქულით ჩამორჩა “ვიტ ჯორჯია”. “ვეტერინარებმა” პროგრამა მინიმუმი წარამტებით შეასრულეს და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნეს, ისევე როგორც ცხინვალის “სპარტაკმა”.
გასული ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა რუსთავის “მეტალურგისთვის”. მერე ეტაპის წინ რუსთაველებს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც გუნდიდან გამოცდილი მოთამაშეების წასვლა გამოიწვია. “მეტალურგმა” ჩემპიონატი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და ევროთასების გარეშე დარჩა. “მეტალურგს” ერთი საფეხურით “ჩიხურამ” აჯობა. თუმცა, საჩხერელებმა თასის ფინალშიც მოახერხეს გასვლა და მომდევნო სეზონში ევროპული ასპარეზიც გაინაღდეს.
ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა „ზესტაფონმა“ სეზონი მძიმედ დაიწყო. სერბი სპეციალისტის, რატკო დოსტანიჩის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა წარმატებული სვლა არ გამოდგა. გათამაშების სტარტზე იმერლებმა ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგეს. მდგომარეობა გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ გამოსწორდა. „ზესტაფონელებმა“ „დინამოს“ მცირე საჩემპიონო ბრძოლაც კი გაუამრთლეს, თუმცა თბილისელები ამ სეზონშიც უკონკურენტოები იყვნენ.
მიუხედავად დუშან უჰრინის წასლვისა და მთელი რიგი არადამაჯერებელი მატჩებისა, „დინამოს“ უპირატესობა მაინც დიდი და თვალსაჩინო იყო. თბილისელებმა ჩემპიონატში ლიდერობის მოპოვება მე-10 ტურში, „ტორპედოსთან“ დრამატულ მატჩში მოპოვებული გამაჯრვებით მოახერხეს და იმ დღიდან სეზონის ბოლომდე დამაჯერებლად ულიდერეს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილს. „დინამოელებმა“ წარმატებულად ისაპარეზეს თასის გათამაშებაშიც, რომლის ფინალურ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად წელსაც „ჩიხურას“ დაუპირისპირდნენ, მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და კვლავ მოახერხეს დუბლის გაფორმება.
საინტერესოა, რომ ამ მნიშნველოვან შეხვედრებში, „დინამო“ პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა და ორივე შემთხვევაში ანალოგირი ანგარიშით მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც გუნდის ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს. იმედია, ასეთ ბრძოლისუნარიანობას „დინამოს“ და სხვა ქართული გუნდების შესრულებით ევროპულ სარბიელზეც ვიხილავთ.
გასული სეზონის შედეგების მიხედთვის უმაღლეს ლიგას მარტვილის „მერანი“ და „ზუგდიდი“ დაემშვიდობნენ. თუმცა, ლიცენზირების და მომავალი სეზონის ფორმატთან დაკავშირებული გაურკვეველი ვითარების გამო ეროვნული ჩემპიონატის მომავალი ბურუსითაა მოცული…