“გალათასარაიმ” ნახევარფინალის პირველივე მატჩში მოედნის უპირატესობა მოიპოვა
გამარჯვებით დაიწყო თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ”. სტამბოლელებმა სტუმრად, ბალიკეშირში, ადგილობრივ “ბანვითს” 67:57 სძლიეს და ამ უკანასკნელს მოედნის უპირატესობა აართვეს.
“ბანვითმა” რეგულარულ ჩემპიონატში 30-დან მხოლოდ 2 მატჩი წააგო და პირველ ადგილზე გავიდა. “გალათასარაიმ” რეგულარულში 10 შეხვედრა დათმო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, “ლომთალომმა” (გალათასარაის მეტსახელია) შიდაჩემპიონატში ბრჭყალები გამოაჩინა და უმაღლესი მწვერვალისკენ დაიძრა. სტამბოლელები სეზონის მსვლელობისას ევროლიგაზე იყვნენ გადართულნი და ეროვნულ პირველობაზე ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ, ახლა კი საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და შედეგსაც იმკიან.
გამარჯვებაში თავისი წილი დაიდო მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც 24:23 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. 13-13 ქულით საუკეთესონი კარლოს აროიო (პლუს 5 პასი) და სინან გიულერი გახდნენ.
სერიის მომდევნო შეხვედრა კვლავ ბალიკეშირში, 25 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში “ფენერბაჰჩე” 1:0 ამარცხებს “ქარშიაქას”.
gbf.ge