მადრიდული დერბი ლისაბონში
დღეს, ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება. ესპანური ფინალის ფარგლებში ერთმანეთის წინააღმდეგ მადრიდული კლუბები, “რეალი” და “ატლეტიკო” წარსდგებიან. ორივე გუნდს გასამარჯვებლად საკმარისზე მეტი არგუმენტი აქვს.
“რეალისთვის” ჩემპიონთა ლიგის მეათედ მოგება ბოლო წლების მთავარი და განუხორცილებელი მიზანია. გარდა ამისა, კარლო ანჩელოტისთვის მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ იქნება. თუმცა, ამ დამატებითმა მოტივატორებმა შესაძლოა დათვური სამსახურიც გაუწიოს “რეალს”.
კარლო ანჩელოტიმ დაამტკიცა, რომ ახალ გუნდთან ერთად ნებისმიერ მეტოქესთან და ვითარებიდან გამომდინარე შეუძლია გუნდის გადაწყობა. “ატლეტიკოსთან” სეზონის პირველი მატჩი მან წააგო, თუმცა მომდევნო სამ შეხვედრაში სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა კურტუას კარში 7 გოლის გატანა მოახერხეს. არადა, ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის პატრონი სწორედ “ატლეტიკოა”. იტალიელმა სპეციალისტმა ანალოგიური რამ “ბარსელონასთანაც” გააკეთა. ორჯერ წააგო, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ტაქტიკა შეცვალა და ტიტულიც მოიპოვა.
მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი უპირატესობა შედარებით უკეთესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომრეობაა. მათთვის პრიმერა ფაქტობრივად 7 მაისს, “ვალიადოლიდთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ დასრულდა. რასაც ვერ ვიტყვით “ატლეტიკოზე”, რომელიც ბოლო ტურამდე იბრძოდა.
თუმცა, კოზირები სიმეონეს გუნდსაც აქვს. პირველ რიგში “ატლეტიკო” ფინალურ მატჩებში კარგი თამაშით გამოირჩევა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ორჯერ მოგებული ევროპა ლიგა, ორი სუპერთასი და ესპანეთის თასი ამის ნათელი დასტურია. “ბარსელონასთან” ჩატარებული 38-ე ტურის მატჩიც თამამად შეგვიძლია ფინალად ჩავთვალოთ. თანაც მთავარი მწვრთნელის ფაქტორიც ხომ გასათვალისწინებელია? სიმეონე მოტივირების თვალსაზრისით და მოთამაშეებისგან მაქსიმალური შედეგის მიღების მხრივ ევროპაში საუკეთესოა.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ არდა თურანი და დიეგო კოშტა. ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა არც თუ ისე ტრადიციული მეთოდებით იმკურნალა და როგორც ჩანს, ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც. თუმცა, ამ ორი მოთამაშის გარეშეც “ატლეტიკო” საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, რომელსაც სირთულეები უფრო შეკრულს და მებრძოლს ხდის.
და ბოლოს “ატლეტიკოს” ყველაზე მთავარი უპირატესობა. სიმეონეს გუნდი წლევანდელი ფორმაციის “რეალისთვის” ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. “ატლეტიკოს” შესატევად ბურთის ფლობა და სივრცეების გახსნა არ სჭირდება, რაც “რეალის” სწრაფი ფლანგელებისთვის იდეალური ვითარება არ არის. “ატლეტიკოს” მოთმინების უნარი და საკუთარი შანსის გამოყენების უნარი აქვს.
ფინალური მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება და მას 41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი, ბიორნ კუიპერსი განსჯის.