ბრაზილიელი სტუმრები “დინამოში”
ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბ “კორიტიბას” მენეჯმენტის წევრები ბათუმში იმყოფებიან.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში “კორიტიბას” ვიცე-პრეზიდენტსა და მწვრთნელს ბათუმის დინამოს” ხელმძღვანელები დახვდნენ.
როგორც ბრაზილიური კლუბის მწვრთნელი ერიველტონ პაშეკო (პაშეკინიო) აცხადებს, ბათუმში ქართული ფეხბურთის გასაცნობად და “დინამოსთან” ურთიერთთანამშრომლობისთვის ჩამოვიდა:
“სასიამოვნოა, რომ საქართველოში ვიმყოფებით. ჩამოვედით, რომ გავიცნოთ “დინამოს” მომავალი პროექტები და ასევე, ქართული ფეხბურთი. ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაყოფიერი იყოს”, – აღნიშნა ერიველტონ პაშეკომ.
როგორც გოჩა ალადაშვილი აცხადებს, რომელიც ბრაზილიაში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, კორიტიბას” წარმომადგენლები კონკრეტულ პროგრამას წარმოადგენენ იმის შესახებ, თუ რა სახის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი:
“თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ “ბათუმის დინამოს” ახალბედა ფეხბურთელების სტაჟირება მოხდება ბრაზილიაში. ასევე, ჩანაფიქრი აქვთ, რომ ბათუმში გახსნან საფეხბურთო სკოლა. მათ უკვე აქვთ გამოცდილება ამერიკაში – დალასში გახსნეს წლების წინ საფეხბურთო სკოლა”, – აღნიშნა გოჩა ალადაშვილმა.
“ბათუმის დინამოს” პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, “დინამოს” მწვრთნელები გაემგზავრებიან ბრაზილიაში და გამოცდილებას მიიღებენ როგორც სამწვრთნელო საქმიანობაში, ასევე, მენეჯმენტის კუთხით.
Dinamobatumi.Com