ფინალი, რომელიც ფინალს არ ჰგავდა
4 დღე გავიდა მას შემდეგ და ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხე საკუთარ თავში ზუსტი აზრის ჩამოყალიბება “ლელო”-“არმიას” ფინალის შესახებ. უცნაური მატჩი იყო, არასტანდარტული – სანახაობრივი იყოთქო – ვერ ვიტყვი, მაგრამ ვერც ულამაზოს დავარქმევ, არც ძალიან დაძაბული ეთქმის და არც “ცალკარა”. მეტ-ნაკლებად ისიც იყო და ესეც, თუმცა შეიძლებოდა ყოველივე სულ სხვაგვარად ყოფილიყო, უფრო საინტერესოდ. ყველაფერი კი შერკინებაში “ლელოს” უშველებელმა უპირატესობამ არია. ეს კომპონენტი რომ თანაბარი ყოფილიყო, მშვიდად დავსხდებოდით “ლოკომოტივზე” მისული გულშემატკივრები და ერთ კაი ფინალს ვნახავდით დაუნდობელი ორთაბრძოლებითა და აიწონა-დაიწონათი, ასე კი სულ თავდაყირა დადგა ჩვენი მოლოდინი.
არადა იმედი მქონდა (ალბათ სხვებსაც), რომ “არმია” ძალიან “გაბრაზებული” იქნებოდა მეტოქესთან ორი კვირის წინ განცდილი მარცხის გამო. იმასაც ვიმედოვნებდი, რომ არმიელები იმ ჩაგდებულ მატჩს გაარჩევდნენ და მეტოქის შერკინებას გასაღებს მოუძებნიდნენ. რომ უშეღავათო ბრძლა იქნებოდა, რომ ლელოებს ვნახავდი და ა.შ. დარწმუნებული ვარ გაარჩიეს კიდეც, მაგრამ გასაღებისა რა გითხრათ… თამაშის დებიუტიდანვე რომ დაიწყო “ლელომ” მეტოქის ჩგვრა შერკინებაში, მანამდე არ გაჩერებულა, სანამ თქვი ქუდში არ გაყო. უკვე ბოლოს, საქმე რომ გადაწყვეტილი იყო, მაშნღა შეცვალა ლევან მაისაშვილმა ბურჯები და “არმიამ” საკუთარი ბურთების წამოღება მაინც დაიწყო.
ვიცი, უკვე ბოლოში გავედი, მაგრამ ამ შეხვედრას მაინცა და მაინც დიდი ქრონოლოგია არ აქვს. სცენარი ძირითადად ერთი იყო. “არმია”, როგორც წესი, ფორვარდების ორთაბრძლებში ჯარიმდებოდა – ყიასაშვილი კარში ურტყამდა და ანგარიშს ზრდიდა(ასე მშვიდად დააგროვა ფულბეკმა 24 ქულა, ანუ თავის გუნდის მთელი მონაგარი). რა მნიშვნელობა აქვს რომელი გოლი რომელ წუთზე გავიდა, ფაქტია, რომ როცა, აწ უკვე, ვიცე-ჩემპიონებმა რამდენიმე უწყვეტი შეტევა განახორციელეს და შკინინმა მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა, ლელოელები უკვე ქვევრს ხდიდნენ თავს.
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ “ლელომ” ამ მატჩის მოსაგებად საკუთარ სათამაშო სტილზე თქვა უარი, ძრითადად ჩაშლაზე ითამაშა და მეტოქის შეცდომებს დაელოდა. “არმიამ” კი მეტოქეზე მორგება ვერ მოახერხა და მთელი მატჩის მანძილზე საკუთარ დამარცხებას უძლურად ადევნა თვალი. დაახლოებით ისე, უკურნებელ სენს რომ ეგუებიან ხოლმე.
მოკლედ, საქართველოს ჩემპიონი, ზედიზედ მეორედ, თბილისის “ლელო” გახდა, რასაც დიდი სიამოვნებით ვულოცავ კიდეც! ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში შინაური რაგბის დონემ მოიმატა და ახლაც პროგრესს განიცდის. “ლელო” ამ პროგრესის ერთერთი მედროშეა და ტიტულიც დამსახურებულად მიიღო. იმისთვის რომ პროგრესი გაგრძელდეს… პრინციპში რაღა ჩემი სიტყვებით ავხსნა, პირდაპირ “ლელოს” კაპიტნის, გიორგი კაჭარავას ციატატას მოვიყვან: “ამდენი წელია მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში ერთმანეთს ვეთამაშებით, საკუთარ წვენში ვიხარშებით და მოტივაციაც იკარგება. აქ უკვე ყველამ ვიცით ვის რა შეუძლია და თამაში ინტერესს კარგავს. ძალიან კარგი იქნება თუ როგორმე მოვახერხებთ და ევროთასებზე ვითამაშებთ. ეს ჰაერივით ჭირდება მოთამაშეებს, რათა მოტივაცია არ დავკარგოთ და მწამს, ევროპაშიც გავიტანთ საქართველოს და ჩვენი კლუბის სახელს”.
ნიკა ჩალათაშვილი