ნუგზარ კვირტია: “საქართველოში რომ აზერბაიჯანის მსგავსი თანხები იხარჯებოდეს, ძალიან დიდი პროგრესი გვექნებოდა”
29 წლის ნუგზარ კვირტია წლების განმავლობაში იცავდა აზერბაიჯანული და რუსული კლუბების ღირსებას. წელს კი, საქართველოს ჩემპიონატჩის სცადა ბედი და უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე ლანჩხუთის “გურიაში” მნიშვნელოვან ფიგურადაც იქცა. კვირტიასთან საუბარი სწორედ გასული სეზონის შეფასებით დავიწყეთ
– ჩემი აზრით კარგი სეზონი გამოვიდა, თუმცა ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს და “გურიაში” ამის საშუალება სამწუხაროდ არ იყო.
– ალბათ ფინანსურ პრობლემებს გულისხმობთ…
– დიახ, კარგად გეცოდინებათ თუ რა მდგომარეობაში იყო გუნდი. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველ ექვსეულში მოხვედრა მაინც მოვახერხეთ. ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ სწორედ ეს იყო ჩვენი გუნდის მაქსიმუმი.
– პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფსებდით?
– ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. სამშობლოში პირველად ვთამაშობდი და მინდოდა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომევლინა.
– საბოლოოდ, კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ასპარეზობით?
– ბოლომდე ვერ, მაგრამ 70-80 პროცენტით კმაყოფილი ვარ.
– აზერბაიჯანში საკმაო ხანი ასპარეზობდით. უმაღლეს ლიგასთან როგორ შეადარებდით აზერბაიჯანულ პიროველობას?
– აზერბაიჯანში თამაშის დროსაც ვამბობდი, რომ იქ უფრო მაღალი დონეა, რაც უკეთესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
– რის ხარჯზე გვჯობნიან?
– ძირითადად ლეგიონერების ხარჯზე. საკმაოდ კვალიფიციური უცხოელები ჩამოჰყავთ, ნაკრების დონის.
ადგილობრივი მოთამაშეები საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან და ქართველ მოთამაშეებთან ნიჭიერებით ვერ მიუახლოვდებიან. საქართველოში რომ აზერბაიჯნაის მსგავსი თანხები იხარჯებოდეს, ძალიან დიდი პროგრესი გვექნებოდა.
– თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
– ამჯამად ბაქოში ვარ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანის მოქალაქეა და აქ ვცოვრობთ. ინდივიდუალურად ვემზადები.
– კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებთ?
– ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცი თუ სად გავაგრზელებ ასპარეზობას.