სამინისტროში იუბილარ ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა გაიმართა
2 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტული ფოტოგრაფის ბადრი კეთილაძის ფოტოგამოფენა გაიმართა.
ფოტოგამოფენა, რომელიც ბადრი კეთილაძის 55 წლის იუბილეს მიეძღვნა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილეები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ბადრი კეთილაძის მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ლევან ყიფიანმა ბადრი კეთილაძეს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ოლიმპიური კომიტეტის სიგელი და ფულადი პრიზი, თბილისის “დინამოს”პრესატაშე გიგა გვენცაძემ კი სახელობითი “დინამოს” მაისური უსახსოვრა. 2 ივლისს სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს ბადრი კეთილაძეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგოძე საპატიო სიგელს გადასცემს.
ფოტოგამოფენა სამინისტროში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება – დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ბადრი კეთილაძის არქივიდან 55 გამორჩეული ფოტო იხილონ. დღესვე ფოტოგამოფენა წეროვანში მცხოვრებმა დევნილმა ბავშვებმა, პატარა მორაგბეებმა დაათვალიერეს, რომლებსაც რაგბის ვარჯიშები უფასოდ სამინისტროს დახმარებით უტარდებათ.
ბადრი კეთილაძე 25 წელია რაც სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს და ქართული სპორტის უნიკალური არქივი გააჩნია. ის წლების განმავლობაში იყო „სარბიელის” ფოტოგრაფი, ამჟამად კი თბილისის „დინამოს”, „მსოფლო სპორტის” და uefa.com-ის თანამშრომელია.
ბადრი კეთილაძის ფოტოები გამოყენებულია შემდეგ წიგნებში – „სპორტის ენციკლოპედია”, „ქართული სპორტის ფოტო ისტორია”, „ქართული სპორტის ოქროს წიგნი”, „მსოფლიო თასის ისტორია”, „ქართული ფოტოგრაფია”, „ამერული ჩანაწერები – 1500 ნაბიჯის მოკლე ისტორია”.
სამინისტროს პრესსამსახური