მიხეილ ყაველაშვილი: “გულშემატკივარი და მედია მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს”
მიხეილ ყაველაშვილის ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვეტერან ფეხბურთელს სწორედ ამ პროგრამის დეტალებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გავესაუბრეთ.
– პირველ რიგში კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს – ხომ არ უკავშირდება თქვენი სტრატეგიის პრეზენტაცია ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩენების მოახლოვებას?
– საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი არ ვიცით. ამის გარკვევის შემდეგ, ჩემს გუნდთან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოვაწყობთ პრესკონფერენციას, რომელზეც ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე ეს თემა აქტიურად ჩვენთან არ განიხილება. გადართულები ვიყავით პროგრამის შექმნაზე.
– თქვენს პროგრამაში საკმაოდ ბევრ საკითხს ეხებით, მაგრამ თქვენი აზრით რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა?
– მთავარი ერთიანი სისტემის არქონაა. ყველაფერი საკმაოდ ქაოტურად ხდება, რაც შედეგზეც ჩანს. ამის დარეგულირება რა თქმა უნდა მმართველ ორგანოს ეკისრება.
საერთოდ, ბევრი დრო დავკარგეთ. გასაგებია, რომ დემოკრატიას თავისი პრინციპები აქვს. მაგრამ, თუ ადამიანმა იცის, რომ სამართლიანობა დაირღვა ის აუცილებლად უნდა აღდგეს. კარგი იქნებოდა, 2012-ში მომხდარიყო სამართლიანი არჩენვების დანიშვნა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში სამართლიანი გარემო არის, რაც ნორმალურ სამუშაო ვითარებას ქმნის.
– საქართველოში ფეხბურთელების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. რას უნდა დავაბრალოთ ეს ტენდენცია?
– ამან სისტემური ხასიათი მიიღო და ჩვენც პრობლემის საფუძვლიანი ანალიზი გავაკეთეთ. მთავარი მიზეზი, ალბათ, პრესტიჟია. ფეხბურთმა პრესტიჟი დაკარგა.
ჩვენს ბავშვობაში სხვა ვითარება იყო. ყველგან ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ, გვყავდა ძლიერი გუნდი, რაც სტიმულს გვაძლევდა, რომ ჩვენც ფეხბურთი გვეთამაშა. ალხა კი, ვითარება საპირისპიროა.
– სპორტის სხვა სახეობების წარმატებამაც ხომ არ იმოქმედა ამაზე?
– სხვა სახეობების პროგრესი კარგია, თუმცა ეს ფეხბურთის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში არის მოზარდების საკმარისი რაოდენობა, რომ ყველა სახეობა დააკმაყოფილოს.
რაგბი, წყალბურთი, ხელფურთი.. ეს სახეობები სისტემაში ჩაჯდა და შედეგებიც აქვთ. ფეხბურთი კი, ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ყოველთვის გვესმოდა, რომ ფინანსები და პირობები არ გვაქვს, მაგრამ სპორტის სხვა სახეობების მაგალითებმა დაგვიმტკიცა, რომ გამართული სისტემის წყალობით ამ პირობებშიც შეიძლება პროგრესის მიღება.
გასაგებია, რომ ფეხბურთს გაცილებით მეტი ფინანსები სჭირდება, მაგრამ მე სისტემის არქონაზე მაქვს საუბარი. იმედია, ტრაბახში არ ჩამეთვლება, მაგრამ ჩვენს მიერ წარდგენილი პროგრამის ანალოგი საქართველოში უბრალოდ არ ყოფილა.
გამართული პროგრამისა და სტრატეგიის გარეშე შედეგზე ფიქრი უბრალოდ წარმოუდგენელია.
– პროგრამის განხორციელება ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუ გაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი?
– უნდა გავიგოთ, რომ ჩვენც სახელმწიფოს ნაწილი ვართ და მისი ბიუჯეტი სწორედ ჩვენი ჯიბიდან ივსება. პირველ რიგში ჩვენ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ ამ პროგრამის საჭიროებაში. საზოგადოებაში კი, ფეხბურთის უდიდესი სიყვარულია. მთავარია, რომ გუნდმა, რომელიც ფეხბურთის მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას სამართლიანობა დაიცვას.
სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების სურვილს ადასტურებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამ ეტაპზე მთავარია, რომ არ ვიჩქაროთ, შევქმნათ სრულყოფილი პროგრამა და შემდეგ მის განხორციელებაზე ვიზრუნოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ განახორციელებს ამას. ფეხბურთს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი, არჩეული ხალხი. ფედერაცია დამოკიდებელი ორგანიზაციაა და სახელმწიფო მის შიდა საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი დიდი უნდა იყოს. მაგალითად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში უნდა ეხმარებოდეს ფეხბურთს. ეს პრაქტიკა ყველა წამყვან ქვეყანაში მიღებულია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიაც სწორედ იმ ხარჯების გათვალისწინებით შევქმენით, რაც ჩვენი ინფორმაციით ამ წლების განმავლობაში დაიხარჯა ფეხბურთში.
– პროგრამაში ფუტსალის და ქალთა ფეხბურთის პრობელმებსაც ეხებით. აღნიშნული საკითხები რატომღაც ყოველთვის ჩრდილში რჩება…
– შვეიცარიაში ვცხოვრობდი, სადაც ქალთა ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა. თითქმის ყველა წამყვან კლუბს ჰყავს ქალთა გუნდი. ფეხბურთის მასობრიობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვნია.
გარდა ამისა ეს უეფას პირდაპირი მოთხოვნაც არის და ამისთვის აღნიშნული ორგანიზაცია თანხებსაც გვიყოფს, თუმცა შედეგი არ არის.
– საკმაოდ აქტუალური საკითხია უმაღლეს ლიგის მომავალი სეზონის ფორმატი. თქვენი აზრით, რომელია ოპტიმალური ვარიანტი?
– მასობრიობისთვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად გუნდების გაზრდა გაუმართლებელია. ამით სერიოზულ ზიანს ვაყენებთ ჩემპიონატის ხარისხს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება მომგებიანიც იყოს, გასანკუთრებით რეგიონებისთვის. მაგრამ, ამ დროს საქმე მარტივად არის. აღრევა ხდება პროფესიული და მასობრივი ფეხბურთის. რეგიონის განვითარება უმაღლეს ლიგაში კლუბის ყოლაზე არ არის დამოკიდებული.
ჩვენ ხარისხიზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ჩემპიონატი საინტერესო კომერციული პროდუქტი უნდა გახდეს, რაც 16-გუნდიანში წარმოაუდგენელია. ამის რესურსი უბრალოდ არ გვაქვს..
მასობრიობა ქალთა ფეხბურთით, ბავშვა სკოლებით უნდა გავზარდოთ და არა უმაღლესი ლიგით.
ჩემი აზრით უმაღლესში და პირველ ლიგაშიც 10 გუნდი უნდა იყოს. ამით საკმაოდ კარგი კომერციული პროდუქტის შექმნას შევძლებთ. ფეხბურთი სწორედ ამის ხარჯზე ვითარდება. პრემიერლიგა, პრიმერა დივიზიონი, ჩემპიონთა ლიგა… ეს ყველაფერი ხარისხზე აგებული კომერციული პროდუქტებია.
გასულ ჩემპიონატში გუნდების ნახევარი ნეიტრალურ სტადიონებზე თამაშობდნენ. ასეთ პირობებში 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება წარმოუდგენელია.
– ბევრი საუბარია გარიგებულ მატჩებზეც..
– ეს პრობელმა მხოლოდ საქართველოს არ ეხება, მაგრამ ჩვენთნაც საკმაოდ მწვავედ დგას.
ფეხბურთელებს მოტივაცია არ აქვთ, უხელფასოდ თამაშობენ, ნათესავის გარდა სტადიონზე არავინ არ დადის და ბუნებრივია ასეთი ვითარება განაპირობებს ამ ფაქტებს.
16 გუნდიანი ჩემპიონატის შემთხვევაში კი, მოტივაციის პრობლემა უფრო მწვავედ დადგება, რაც ფეხბურთში გარიგებული მატჩების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის.
– ნაკრების ბოლო მატჩებს როგორ შეაფასებდით?
– ისიც მოვისმენე, რომ ემირატების გუნდი რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას და მარცხი არ უნდა გაგვიკვირდეს. არადა ერთი ფეხბურთელიც არ ჰყავთ ნორმლურ ლიგაში.
უკვე იმ დონეზე ვართ, რომ გულშემატკივარი, რომელიც ანთებული თვალებით ელოდა ნაკრების თამაშებს ინტერესს აღარ იჩენს. ხალხი სხვა ქვეყნის ნაკრებებზე კამათობს და ეროვნული გუნდი უბრალოდ აღარ აინტერესებთ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს ფეხბურთის სათავეშია ასეთი დამოკიდებულება აწყობთ. იციან, თუ გულშემატკივარმა პროტესტი გამოთქვა და არსებული ვითარების გამო სერიოზული პასუხი მოსთხოვა, მათ პრობელმები შეექნებათ.
გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა ნიჭიერი ფეხბურთელების სამომავლო პერსეპქტივები. ათი ნიჭიერიდან, დიდი ფეხბურთი შესაძლოა მხოლდო ერთმა ითამაშოს.
ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანი ძლიერი, საერთაშორის დონის ფეხბურთელების აღზრდაა. ამისთვის ელიტარული აკადემიები, უფასო სკოლები, მწვრთნელების გადამზადება არის საჭირო, რაც მომავალში კარგ კადრებს მოგვცემს.
ბევრია ისეთი მაგალითიც, სადაც საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა, თუმცა ეს ფეხბურთელების დონეზე არ აისახება. მაგალითად ავსტრიაში მხოლოდ 3-4 წლის წინ დაიწყეს ამ პრობლემაზე ზრუნვა. ბელგიაში პროგრამა 7 წლის წინ ამუშავდა და დღეს როგორი თაობა ყავთ ყველამ კარგად იცის.
დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი და ისეთი მსჯელობა ატყდება, რაც ქართულ ფეხბურთზე წარმოაუდგენელია. როდესაც საუბარი საქართველოზე იწყება ყველა რატომღაც ჩუმდება. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და ყოველთვის მეტს, მაქსიმალურს უნდა ითხოვდეს. დიდი როლი ენიჭება მედიასაც. გაჩერება და შეგუება წარმოაუდგენელია. გულშემატკივარი და მედიაც მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს.
უცხოეთში, ნებისმიერი წარმატებული ნაკრების, კლუბის პატარა ფეხის დაცდენაზე კრიტიკის მთელი ტალღა მოდის, მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.
– დასასრულს მოახლოებულ მუნდიალზეც გკითხავთ. როგორია თქვენი პროგნოზი?
– ბავშვობიდან მარადონამ იქონია ჩემზე დიდი გავლენა და არგენტინის ნაკრებს ყოველთვის გამოვყოფდი. საერთოს ვპოულობდი ჩვენს სათამაშო სტილთან.
ახლა ფეხბურთს სხვა თვალით დავუწყე ყურება. დიდი ყურადღებას ვაქცევ ფეხბურთელების მომზადებას, ტაქტიკას, მწვრთნელის მოქმედებებს.
მუნდიალი დიდი მოვლენაა და უპირატესობას ტრადიციულად ფავორიტ გუნდებს მივანიჭებდი. შემთხვევით არც ერთი გუნდი არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი დონის და მასშტაბის მოვლენასთან ჩვენც გვქონდეს რაიმე საერთო. გვაქვს ეს ტრადიცია, ხედვა და ნიჭი, რომლის სწორად მიმართვის შემთხვევაში აუცილებლად გვექნება შედეგი. დღეს კი, სრულად საპირისპირო მიმართულებით მივდივართ…
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები
ლევან ხარაზოვი
სპეციალურად Fanebi.com -ისთვის