უქმეებზე საქართველოს შვიდკაცამ და შვიდქალამ რიგიანად იასპარეზეს ევროპულ არენაზე
ქალებმა მეოთხე, ხოლო ვაჟებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს 12-გუნდა ტურნირებში
შეჯიბრი ორივეგან ახალი, ოლიმპიური ფორმულით მოეწყო: 12 მონაწილე შაბათისთვის დაიყო სამ 4-გუნდა პულად, კვირას კი რვა უკეთესმა თასისთვის გააგრძელა ბრძოლა. ამით უკეთეს გუნდებს ერთი თამაშით, შვიდიდან ექვსამდე შეუმცირდათ სატურნირო დატვირთვა და პულური სტადიის კუდიც – ბოლო რაუნდი, მეორე დილით აღარ გადავიდა.
არა-სტაბილურად
ვაჟები ევროპის “გრან პრის” ოთხიდან პირველ ეტაპზე, ლიონში (საფრანგეთი) თამაშობდნენ. კახა ალანიას, პალიკო ჯიმშელაძის, ზაზა ლეჟავასა და ნონო ანდღულაძის შეგირდებმა, რომელთა ბარემ ნახევარი გამოცდილი ბორჯღალოსანი იყო, ერთობ არა-სტაბილურად გალიეს გზა: ყოველ გამარჯვებას მარცხი მოაყოლეს.
პულში იტალია 24:12 ვძლიეთ, საფრანგეთთან 7:26 წავაგეთ და ბოლოს, თედო ზიბზიბაძისა და ზურაბ ძნელაძის ლელოებით, წაგებული თამაში შემოვუბრუნეთ გერმანიას 24:21, რითაც მეორე ადგილზე, ხოლო ჯამში -მეექვსე ნომრად დავაფინიშეთ.
თასის მეოთხედფინალის მიწურულს ბიძინა სამხარაძემ კიდეზე დაალელოვა ბელგია, რის გამოც გარდასახვა ვერ გავიტანეთ 12:14 და სინზე (V – VIII ადგილები) დავეშვით.
სინის ნახევარფინალში დიტო კალანდაძის ეფექტური ლელოთი 19:12 დავამარცხეთ ინგლისი, ფინალში კი შოტლანდიას თუმც ლელოებით არ ჩამოვრჩით 3/3, კარში რიგიანად ვერ ვურტყით 15:21 და VI ადგილს დავჯერდით.
შვიდკაცას შემდეგი ეტაპი სამ კვირაში (28-29/06) მოსკოვში ელის, დანარჩენი ორი ტურნირი (მანჩესთერი, ბუქარესტი) კი სექტემბერშია.
გარჯის შედეგი
თუ შვიდკაცას 1988 წლიდან ვთამაშობთ, ქალთა გუნდი 2006 წელსღა შეიქმნა. შარშან ჩვენმა მანდილოსნებმა “ა” (მეორე) ჯგუფში IX ადგილი დაიჭირეს, ამჯერად კი ბერგენში (ნორვეგია) ექვსიდან სამი თამაში მოიგეს და ხუთი საფეხურით მაღლა აინაცვლეს.
შვიდქალის გაშუქება შვიდკაცაზე უკეთ იყო ორგანიზებული – სთრიმი ორი დღის განმავლობაში ერთხელაც არ შეფერხებულა. ჩვენმა გოგოებმა პულში 17:5 ძლიეს პოლონეთი, ბოლოსკენ 5:12 წააგეს ჩეხეთთან და 39:0გაანადგურეს დანია. რაკი სამ მოწინავეს ორ-ორი მოგება დაუგროვდა, შედარდა სხვაობები და პირველი ადგილი საქართველოს მოენიჭა.
თასის მეოთხედფინალში 14:10 ვაჯობეთ მოლდოვას და პირველად შევედით ოთხეულში, მაგრამ შემდეგ 5:34 წავაგეთ მომავალ ჩემპიონ უკრაინასთან და თანაბარ ბრძოლაში 5:12 რუმინეთთან.
დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ჯაბა მალაღურაძის, ია ხურცილავასა და გიორგი მაისურაძის გარჯამ შედეგი გამოიღო – საქართველოს შვიდქალა ევროპაში უკვე მეთექვსმეტეა (XVI)
Rugby.Ge