როგორ დაგვამარცხა კულტურამ
რამდენჯერაც რუსთავში რაგბის საყურებლად წავედი იმდენჯერ გულგახეთქილი დავბრუნდი უკან. არ ვიცი გარშემო გამეფებული ხრიოკი თრგუნავს ჩვენ ბიჭებს თუ უფუნქციოდ დარჩენი ქარხნები, მაგრამ ფატია, რომ სამი თამაშიდან, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იქაურ ახალ სტადიონზე გამართა – სამივე წააგო. ა.შ.შ.- ის ნაკრებთან რაც მოხდა გახსენებაც არ მინდა, გასულ კვირას კი დაახლოებით იგივე განმეორდა ინგლისის საგრაფოების გუნდთან.
ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა სუფთად წავაგეთ 23:48 და ამას ვერც ხრიოკს დააბრლებ და ვერც მთა-ბარს. ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე (სხვათა შორის არა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში) მორაგბეებისგან დაკომპლექტებულმა “მზარდმა საქართველომ” უბრალოდ ვერ დაიჯერა, რომ ბრიტანელებთან თანაბრად თამაში შეიძლებოდა და მოედანზე უკვე წაგებული გავიდა. არც მიკვირს – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიჭებს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ აქვთ (ასაკობრივ ნაკრებებში გამართულ რამდენიმე შეხვედრას თუ არ ჩვთვლით), და მეორეც – ქართველებს გვჩვევია ყველაფერი უცხოსადმი ოდნავ შიშნარევი დამოკიდებულება. ახლისადმი არა ინტერესით, არამედ ეჭვითა და რიდით მიდგომა.
ამ სიტყვების სიმართლე, ოთხ დღეში, მეორე შეხვედრაში დადასტურდა, როცა რუსთავის მოედანზე სულ სხვა გუნდი გამოვიდა, რომელიც მეტოქეს უკვე იცნობდა. ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით, გასწორებული ტექნიკური შეცდომებით და, რაც მთავარია, თავდაჯერებულობით. თითქმის დარწმუნებული ვარ გასახდელში ერთელ მაინც ითქმებოდა კარგად ნაცნობი – “დიდი არაფერი გუნდია!..” მართლაც არ იყო დიდი გუნდი და მისი დამარცხება რომ სრულაიდ რეალური იყო, თამაშმაც აჩვენა. ჩვენები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ. უკეთესბი იყვნენ ორთაბრძოლებში, მეტი ჰქონდათ მონდომება, თავს აკლავდნენ დაცვაში, მეტ ყურადღებას უთმობდნენ ბურთის შენარჩუნებას და არ უშვებდნენ უაზრო შეცდომებს.
სტუმრები კი… მათი უპირატესობა კულტურა იყო.. სარაგბო კულტურა, რომელსაც იქ ბავშვბიდან ეუფლებიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში ავითარებენ. რას შევადარო? – ისევე, როგორც, მაგალითად, ჩინელს ბრინჯის ჯოხებით ჭამისას თითები ერთმანეთში არ ეხლართება (ზოგიერთებისგან განსხვავებით) და შეუძლია პარალელურად სხვა საქმეც აკეთოს (მაგალითად ტელესკოპში იყუროს), ასევე ინსტინქტის დონეზე აქვთ განვითარებული დიდი სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებს თამაშის საბაზისო ელემენტები: ხელის ტექნიკა, სირბილის მიმართულება, საჰაერო ბურთებისთვის ბრძოლა, მარაოში განლაგება და უამრავი სხვა რამ. სწორედ ამას ვეძახი კულტურას და ამან მოგვიგო კვირას. ეს კომპონენტი, რომ თანაბარი ყოფილიყო, ჩვენები გაცილებით ადრე გაიფორმებდნენ გამარჯვებას. ასე კი, ინგლისლებმა კარგა ხანს გვდიეს სათოფე მანძლზე, ბოლო წამებზე ჩეხოვის ავადსახსენებლი თოფიც გაისროლეს და ერთი ქულით გადაგვასწრეს. მერე მსაჯმა დაუსტვინა და თბილისისკენ ამერიკანარევი გულისწყვეტით გამოგვიშვა.
ჰო, მსაჯი… არ მინდა შეთქმულების თეორიის მომხრეთა შორის აღმოვჩნდე და დავიჯერო, რომ გია ამირხანაშვილი ინგლისელებმა მოისყიდეს და მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე თორნიკე ცერცვაძე ბრიტანეთის ვიზის გამო გააძევა. არც იმის მინდა მჯეროდეს, რომ მავანი მსაჯი იმდენად სტუმართმოყვარეა, რომ კაცნაკლულნი სტუმრების საამებლად დაგვტოვა; ან ქართველები არ უყვარს და სამაგიერო ყვითელი ბარათით გადაგვიხადა. სავარაუდოდ ცერცვაძე მართლა უხეშად არღვევდა იმ მომენტში თამაშის წესს და რეფერიმაც მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციების თანახმად იმოქმედა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მარაზმი გამოდის.
და ბოლოს: ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ გუნდს “მზარდი საქართველო” ჰქვია და აქ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები უნდა გაიზარდონ. ამ ორმა მატჩმა რამდენიმე ბიჭი ძალიან კარგი კუთხით წარმოაჩინა და გულშემატკივრებში ლეგიტიმური მოთხოვნა გააჩინა: “მილტონ, იქნებ შეგეხედა, დაფიქრებულიყავი!”
ნიკა ჩალათაშვილი