მუნდიალის 10 სავარაუდო აღმოჩენა
ყოველი დიდი ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად საფეხბურთო საზოგადოება სავარაუდო აღმოჩენებზე იწყებს საუბარს. გთავაზობთ ათ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებისთვისაც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, კარიერაში გადამწვეყტი ეტაპი აღმოჩნდეს.
1. იოსიპ დრმიჩი, შვეიცარია
ახალგაზრდა იოსიპ დრმიჩი გასული სეზონის დაწყებამდე “ციურიხიდან” “ნიურნბერგში” გადავიდა. ბუნდესლიგაში დრმიჩს ნამდვილად კარგი სეზონი ჰქონდა. აუტსაიდერ კლუბში მან 17 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა დავაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. “ნიურნბერგი” ბუნდესლიგიდან გავარდა, თუმცა დრმიჩის კარგი თამაში ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. მომდევნო სეზონიდან ფეხბურთელი “ლევერკუზენის” ღირსებას დაიცავს.
შვეიცარიის საკმაოდ ახალგაზრდულ ნაკრებში დრმიჩს ერთ-ერთი წამყვანი როლი აკისრია. მართალია, საკვალიფიკაციო შეხვედრებში დრმიჩი ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თანქგუნდელების თამაშს, მაგრამ მუნდიალის წინა ამხანაგურ თამაშებში ნათლად გამოჩნდა, რომ ოტმარ ჰიტცფელდს დრმიჩზე სერიოზული გეგმები აქვს.
2. ზეად კოლაზინაკი, ბოსნია და ჰერცოგოვინა
ტალანტებით მდიდარი ბოსნიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი ახალგაზრდა ზეად კოლაზინაკია. თუმცა, ეს ფეხბურთელი გერმანული “პროდუქტია”. კოლაზინაკი კარლსრუეში დაიბადა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების ღირსებასაც იცავდა.
კოლაზინაკი უნივერსალური ფეხბურთელია, მაგრამ ძირითადად მარცხენა ლატერალის ფუნქციებს ასრულებს. საკვალიფიკაციო მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია. სუშიჩმა ის შესარჩევების დასრულების შემდეგ მიიწვია და ახლა უკვე ბოსნიის ნაკრები კოლაზინაკის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
3. სერჟ ორიე, კოტ-დ’ივუარი
მუნდიალები ტრადიციულად ექსტრავაგანტული და ნიჭიერი ფეხბურთელებით მდიდარი აფრიკული გუნდებითაც გამოირჩევა.
ორიემ “ტულუზაში” საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და არსენ ვენგერის ყურადღებაც მიიქცია, რომელიც მის ლონდონში გადაბირებას ცდილობს.
კლუბში ორიე ძირითადად მარჯვენა ნახევარმცელის პოზიციაზე თამაშობდა და საკმოად შედეგიანიც იყო, თუმცა ნაკრებში მას მარჯვენა მცველად იყენებენ.
4. მაჯიდ უორისი, განა
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 4 შშეხვედრაში უორისმა 3 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებული იყო მისი ასპარეზობა კლუბშიც. “ვალანსიენში” გატარებულ ნახევარ სეზონში ახალგაზრდა განელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ნაკრებში უორისი ასამოა გიანთან ერთად საკმაოდ მძლავრ შემტევ ტანდემს ქმნის.
5. ადამ ლალანა, ინგლისი
ლალანა უკვე 26 წლის არის და ის ჩვენი ათეულის დანარჩენ წევრებთან შედარებით არც თუ ისე ახალგაზრდაა. თუმცა, ადამმა “საუთჰემპტონში” შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, რაც ინგლისური ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ.
6. ფაუზი გულამი, ალჟირი
გულამი ალჟირელთა მთავარი იმედია. მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების შესრულება.
ალჟირელმა “ნაპოლიში” სეზონის ბოლოს ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
7. რიკარდო როდრიგესი, შვეიცარია
ესპანური წარმოშობის შვეიცარელი “ვოლფსბურგის” ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. “მგლების” გოლების საკმაოდ დიდი ნაწილი მის სახიფათო ჩაწოდებებს მოჰყვა.
როდრიგესის ჯადოსნური მარცხენა მთელს შვეიცარიულ ინტერნაციონლთან ერთად ბრაზილიაშიც ეცდება მეტოქეების დამწუხრებას.
8. ალექსანდრე კოკორინი, რუსეთი
რუსეთის ნაკრები მთავარი ტალანტი კოკორინია. ამ ფეხბურთელზე რუსეთში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა, მუნდიალის წინა ამხანაგურ მატჩებში კოკორინმა ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შესძლო. რუსთში იმედოვნებენ, რომ საუკეთესო თვისებების წარმოჩენას ფეხბურთელი ტურნირზე მოახერხებს.
9. ადნან იანუზაი, ბელგია
ამ ფეხბურთელს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. “მანჩესტერში” ჩატარებული სეზონით მან თავი ფეხბურთის გულშემატკივარს საკმაოდ კარგად გააცნო.
ფეხბურთელი დიდხანს ფიქრობდა, თუ რომელი ნაკრების შემადგენლობაში ეასპარეზა. საბოლოოდ კი არჩევანი ბელგიაზე გააკეთა და მუნდიალზეც გაემგზავრა.
10. იასპერ სილესენი, ჰოლანდია
ლუი ვან გალმა გამოცდილ სტეკელენბურგზე უარი თქვა და მუნდიალზე “აიაქსის” 25 წლის მერკარე იასპერ სილესენი წაიყვანა.
სილესენი საკმაოდ ნიჭიერი მეკარეა, თუმცა მას ახალგაზრდულ ასაკში უკვე დიდი პასუხისმგებლობა დააკისრებს.
საინტერესოა, გაუძლებს თუ არა ახალგაზრდა კიპერი ასეთ ფსიქოლოგიური წნეხს. ჰოლანდიელებს ხომ საკმაოდ კარგი შანსები აქვთ ბრაზილიაში.