უეფას საფეხბურთო მენეჯმენტი – წარმატებული დასაწყისი
10-11 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ძალზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის პირველ ეტაპს უმასპინძლა.
„უეფას სერტიფიკატი საფეხბურთო მენეჯმენტში – ქართული გამოშვება“ (CFM) საქართველოში პირველად ტარდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხვდა წილად პატივი, უმასპინძლოს ამ პროექტს.
რამდენიმეეტაპიანი გასაუბრების შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია 25 ქართველი და 7 უცხოელი აპლიკანტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებთან და ქართული კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, განათლებას იღებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლები ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. სწავლა უფასოა და სწავლებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. სწავლება ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
ინტენსიური სწავლების პირველი ეტაპი ორდღიანი იყო და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა. მონაწილეებმა მოისმინეს ორი ლექცია – „Strategy of Football Organization“, რომელიც წაიკითხა უეფას ექსპერტმა – დევიდ ტეილორმა და„Introduction to the organization of football“, რომელიც წაიკითხა შონ ჰამილმა, ლონდონის ბირბეკის კოლეჯის პროფესორმა, ბირბეკის „Sport Business Centre“ – ს დირექტორმა.
საინფორმაციო და ტექნიკური დეტალები სტუდენტებს გააცნეს უეფას საგანმანათლებლო პროგრამების ასისტენტმა –ვალენტინა მერკოლიმ და ლოზანას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა – ჟოელ პინსონმა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა – დიმიტრი ბოკერიამ.
ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. დიდი სამუშაო გასწია სფფ-ის საორგანიზაციო ჯგუფმა და ეს ყველა დეტალს ეტყობოდა, რაც ერთხმად აღნიშნეს მონაწილეებმა და სტუმრებმა.
კურსები 2015 წლის მარტამდე გაგრძელდება. ახლა, სტუდენტებს ოქტომბრამდე დისტანციური სწავლების ფორმატი ექნებათ. ოქტომბერში კი, ისინი კვლავ საქართველოში შეიკრიბებიან მორიგ სემინარებზე.
სფფ-ის პრესსამსახური