IRB თბილისის თასის პირველ რაუნდში ბორჯღალოსნებმა და იაგუარებმა გაიმარჯვეს
საქართველო 23 – 13 ესპანეთი
2014 წლის თბილისის თასი საქართველო-ესპანეთის მატჩით გაიხსნა, რომელშიც დამაჯერებელი პირველი ტაიმი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ ბორჯღალოსნებს 23-13 გაემარჯვა თავის ძველ მეტოქესთან.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში სამი ლელო დადო და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 20-7 გავიდნენ. ბონუსამდე ჩვენებს ერთი ლელოღა აკლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში უხვად დაშვებული შეცდომების გამო მხოლოდ ერთ ჯარიმას დაჯერდნენ.
პირველი ტაიმი გიჟური ტემპით მიმდინარეობდა
ბორჯღალოსნებმა მატჩი დიდი ფიზიკური ძალის დემოსტრირებით დაიწყეს. ისინი დომინირებდნენ რაქში, რითაც უკანახაზელებისთვის ბურთის გამოტანას სწრაფად ახერხებდნენ.
ფულბეკმა, ბექა წიკლაურმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ზუსტად შესრულებული ჯარიმით მე-16 წუთზე დააწინაურა საქართველოს ნაკრები. ჯარიმას ბორჯღალოსნებმა მალევე პირველი ლელო მიაყოლეს – ლაშა მალაღურაძემ ფლანგზე გადაკიდა ბურთი, რომელსაც თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და კიდეში დაამიწა.
ესპანელებმა მალევე შეძლეს პასუხის გაცემა. ბექა წიკლაურმა აბრაგანი ასწია. ბურთი კი, ალბერტო დიასს ჩაუვარდა ხელში. ამ უკანასკნელმა შებოჭვისას მოახერხა ადამ ნიუტონისათვის პასის მიცემა, რომელმაც ბურთი ძელებს შუა დაამიწა. გარდასახვაც გამოიყენეს და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს 8-7.
დაშვებული შეცდომის შემდეგ, ბორჯღალოსნები გამოცოცხლდნენ და სტუმრებს ტაიმის ბოლომდე ორი ლელო დაუდეს. პირველად კვაჭმა, შალვა მამუკაშვილმა გაიბრწყინა. მან სტუმრებს ხუთ მეტრიან ხაზსთან გადაუარა და ლელო მიითვალა.
ტაიმის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სანდრო თოდუამ ჩვენი ანგარიში 20-7 გახადა, მას შემდეგ რაც ფრთაზე შთამბეჭდავი ლელო დადო.
ესპანური დაცვის ბონუსი არ შედგა
მეორე ნახევარში ბორჯღალოსნები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა ესპანელებს ორი ჯარიმის შესრულების შესაძლებლობა მისცა. მარიანო გარსიას ზუსტმა დარტყმებმა ანგარიში 20-13 გახადა, რითაც თავისი გუნდი დაცვით ბონუსს მიუახლოვა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე წიკლაურის მეორე ჯარიმამ ესპანელებს ბონუსი წაართვა და საბოლოო ანგარიში 23-13 გახადა.
ნამატჩევს
მილტონ ჰეიგი უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით. მან განაცხადა: „შესრულებით უკმაყოფილო ვარ. ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. პირველ ნახევარში დრო და დრო ძალიან კარგად ვთამაშობდით და ორი ბრწყინვალე ლელოც დავდეთ. ჩვენს თამაშში უფრო თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მეორე ნახევარში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით. ოთხშაბათს არგენტინასთან თამაშისათვის ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.“
ესპანელთა მწვრთნელი სანტიაგო სანტოსი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილებას ვერ მალავდა: „როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ჩვენს მიზანს განვითარება და 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდის გაზრდა წარმოადგენს. დღეს კარგად დავიწყეთ. ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც ესპანეთის პირველობაში თამაშობენ, მამაცად იბრძოლეს. პირველ და მეორე ტაიმებში კარგი დაცვა ვანახეთ და შესაბამისად მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.”
არგენტინელი იაგუარები 45 – 20 მზარდი იტალია
პირველი რაუნდის მეორე მატჩში არგნეტინელმა იაგუარებმა მზარდ იტალიელებს 45-20 სძლიეს.
სანახაობრივ მეორე ტაიმში არგენტინელებმა იტალიელებს ექვსი ლელო დაუდეს, რითაც პირველი ტაიმის დეფიციტი ამოწურეს და შეხვედრა 15 ქულით სხვაობით მოიგეს.
პირველი ნახევრის განმავლობაში ორივე გუნდი საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდა. მზარდ იტალიას პირველი ქულები ედოარდო პადოვანიმ მოუტანა. მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ ხუან-პავლო სოსინომ მას მალევე უპასუხა და თავისი სამი ჯარიმიდან პირველი მატჩის მე-19 წუთზე გაიტანა.
იტალიელთა ფულბეკმა დევიდ-მაიქლ ოდიეტემ პირველი ტაიმის პირველი ლელო მალევე დადო.
ტაიმის მიწურულს არგენტინელები დომინირებდნენ. მათ ორი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 10-9 დააფიქსირეს.
მეორე ნახევრის ექვსმა ლელომ იაგუარებს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა
მეორე ნახევრის დებიუტშივე ორივე გუნდმა ქულები მიითვალა. 42-ე წუთზე პადოვანიმ მეორე ჯარიმა გაიტანა, რომელსაც არგენტინელებმა თავიანთი პირველი ლელოთი უპასუხეს 16-13.
არგენტინელებმა სხვაობა მალევე გაზარდეს – მატჩის საუკეთესო ტიტულის მომხვეჭმა, სებასტიან პოეტმა იტალიელთა დაცვას თავი ოსტატურად აარიდა და მშვენიერი ინდივიდუალური ლელო მიითვალა. სოსინომ ზუსტი შესრულებით ლელო გარდასახა, რითაც თავის გუნდს ანგარიშში გვარიანი უპირატესობა მოუტანა.
იტალიელებს ორჯერ მიეცათ სხვაობის შემცირების შესაძლებლობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში იაგუარებმა კი უფრო მოუმატეს – კარგად აგორებული მოლი იტალიელებმა თავიანთ კარის ხაზზე ჩაშალეს და მსაჯს არაფერი დარჩენოდა, იაგაურებისათვის ტექნიკური ლელო ჩაეთვალა. ამას გარდასახვაც მიყვა და 30-13 დაფიქსირდა.
ბონუს ქულაც სამხრეთ ამერიკელებმა 63-ე წუთზე მოიპოვეს. რამირო მოჟანომ დადო ლელო. მეხუთე ლელოც მასვე შეეძლო მიეთვალა, მაგრამ ბურთი შიგნით ფულბეკ გუტიერესსს გადასცა, რომელსაც მხოლოდ დამიწება დაჭირდა.
იტალიელებმა მატჩის ბოლოს მიკელე ვიზენტინის ლელო მიიმატეს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც იაგუარებმა თქვეს და მატჩში თავიანთი მეექვსე ლელო დადეს და საბოლოო ანგარიში 45-20 დააფიქსირეს.
ვერნარდო ურდანეტა, იაგუარების მთავარი მწვრთნელი: „მეორე ნახევარში ჩვენი ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ, კარგი რაგბი ვითამაშეთ და ლელოებიც დავდეთ. პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები თუ არა შესაბამისი შესრულება უნდა გამოვასწოროთ, რადგან წინ ამ ტურნირის ყველაზე რთული მატჩი გველის”
იტალიელთა კაპიტანმა, ტომაზო კასტელომ აღნიშნა: „მეორე ნახევარში ჩვენი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. პირველი 40 წუთის განმავლობაში საგრძნობლად კარგად ვითამაშეთ და გვიხაროდა შესვენებაზე დაწინაურებულები, რომ გავედით. მეორე ნახევარში ტემპი ვეღარ შევინარჩუნეთ, ხოლო არგენტინელებმა საგრძნობლად მოუმატეს. ეს უნდა გამოვასწოროთ და შემდეგ მატჩში კონცენტრაცია 80-ვე წუთის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.”
Rugby.GE