IRB თბილისის თასის II რაუნდში იაგუარებთან დავთმეთ – იტალიელებმა ესპანელებს ქულა არ გააკეთებინეს
საქართველო 16-26 არგენტინელი იაგუარები
არგენტინელმა იაგუარებმა წლევანდელ თბილისის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს მატჩში მასპინძელთა წინააღმდეგ, რომელშიც უხვად ვიხილეთ ბარათები.
მატჩის დაწყებიდან ცოტაოდენი ხანი იყო გასული, როდესაც არგენტინელებს პირველი ქულების მიღების შესაძლებლობა მიეცათ – ცენტრმა, პავლო სოსინომ კარში ზუსტად დაარტყა, მას შემდეგ, რაც რაქში არგენტინელებისათვის ბურთის გამოტანისთვის ხელის შეშლის გამო არბიტრმა ბორჯღალოსნები დაჯარიმა და გივი ბერიშვილი სინ ბინში გაუშვა.
კაცნაკლულ ბორჯღალოსნებს გაუჭირდათ და საკუთარ შერკინებაში დაჯარიმების შემდეგ, სოსინომ კიდევ სამი ქულა მიიმატა.
მიღებული ექვსი ქულის შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, რის შედეგადაც მე-12 წუთზე ლაშა მალაღურაძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
ამას მალევე მატჩის პირველი ლელო მოყვა. ბორჯღალოსნების შერკინების შემკვრელმა, ბექა ბიწაძემ მეტოქის ხუთ მეტრიან ზონასთან გაჭრა ხაზი. ბიწაძე ლელომდე ერთ მეტრში შეაჩერეს. ბურთი მყისვე აიღო და მიეძალა პირველ ხაზელი ზურაბ ჟვანია, რომელსაც დამიწება აღარ გასჭირვებია. გარდასახვა მალაღურაძემ შეასრულა და ანგარიში 10-6 დააფიქსირა.
პავლო სოსინომ თავისი მესამე ჯარიმით სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ მალევე მალაღურაძის 55 მეტრიდან დარტყმულმა სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა. ჯარიმა კი არგენტინელებმა კაპიელოს სახიფათო ბოჭვის მერე მიიღეს, რასაც 10 წუთით მისი გაძევება მოყვა.
იაგუარებმა ტაიმის ბოლო წუთებზე ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. სოსინო ისევ ზუსტი აღმოჩნდა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 13-12 გავიდნენ.
მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელებმა კვლავ შეძლეს წინ გასვლა. ამჯერადაც სოსინო იყო ზუსტი. მოგვიანებით ბორჯღალოსნები შერკინებაში დაჯარიმდნენ და სოსინომ ისევ ზუსტად დაარტყა.
სათამაშოდ 20 წუთი რჩებოდა, როდესაც მალაღურაძემ მორიგი სამი ქულა შესძინა ბორჯღალოსნების ყულაბას და ანგარიში 16-18 დააფიქსირა.
თამაში საინტერესო და სანახაობრივი დასკვნით თხუთმეტ წუთში გახდა: ბორჯღალოსნებმა შეტევა საკუთარი 22-დან წამოიწყეს. მოედნის შუაწელში მალაღურაძისგან ბურთი მიქაუტაძეს მიუვიდა, რომელმაც ოფლოუდის შესრულება ვერ მოახერხა და შეტევა შედეგის გარეშე დასრულდა.
მალევე შანსი თედო ზიბზიბაძეს მიეცა, რომელმაც ხაზი სუფთად გაიჭრა და ყველამ იფიქრა, რომ ლელო აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ მცველმა ნახტომში ხელი ფეხზე ოდნავ გამოკრა და შემტევს წონასწორობა დააკარგვინა. ზიბზიბაძეს 5 მეტრში წამოკრეს ფეხში, იგი წაიქცა და სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ მსაჯმა იერიშის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
ქართველები კიდევ ერთხელ დაირაზმნენ. შეტევა მარცხნივ ვითარდებოდა, რა დროსაც ლაშა მალაღურაძემ ბურთი მარჯვნივ დაჰკიდა. ბურთს თაზო მჭედლიძე დაეუფლა და ლამაზი ნახტომით დაამიწა კიდეც, მაგრამ გვერდითი მსაჯის ამართული ალამი იმას მეტყველებდა, რომ ლელო არ ჩაითვალა, ვინაიდან დამიწებამდე მჭედლიძე ფეხით აუტის ხაზს შეეხო.
დაძაბულობამ იმატა, რის შედეგად უკვე 70-ე წუთზე ორივე გუნდს თითო მოთამაშე აკლდათ.
მატჩის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებოდა. ამ დროს არგენტინელთა ფრთამ, რამირო მოჟანომ ბორჯღალოსანთა დაცვას თავი კარგად აარიდა და მატჩის ბოლო ლელო დააფიქსირა. მანამდე კი, სოსინოს კიდევ ერთი ზუსტად შესრულებული ჯარიმა ვიხილეთ. მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით 16-26 დასრულდა.
ნამატჩევს
მილტონ ჰეიგი: „არ ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ესპანეთთან. ტექნიკური წუნი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში 10 ჯარიმა გავეცით. ამდენი ჯარიმა მთელი ექვსი თვის განმავლობაში არ მოგვიგროვებია, დღეს კი, დისციპლინაში მოვიკოჭლებდით.
„ჩვენ თავად გავირთულეთ საქმე, თორემ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით. ამ ტურნირის მიზანი ჩვენი მოთამაშეთა რაოდენობის ზრდაა. ზოგს კიდევ მიეცემა შანსი, ზოგი ამ შანსს ვეღარ მიიღებს, ზოგმა კი, თავი უკვე გამოიჩინა. მსოფლიო თასამდე ჯერ კიდევ 15 თვეა. .“
მერაბ შარიქაძე: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ ასაკში საქართველოს ნაკრების გაძღოლა. ამის გამო, ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი და შესაძლოა, ამის ბრალიცაა ჩვეულად რომ ვერ ვითამაშე. იყო ასეთი გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდის კაპიტანი, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„რაც შეეხება თამაშს და ტურნირს, მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში უნდა მივიღოთ ახალგაზრდებმა გამოცდილება და მერე ის ოფიციალურ შეხვედრებში გამოვიყენოთ”.
მზარდი იტალია 37-0 ესპანეთი
მეორე რაუნდის მეორე მატჩში იტალიელებმა ადვილ გამარჯვებას მიაღწიეს ესპანელებთან.
პირველი ტაიმის სამი და მეორე ნახევრის ორი ლელოთი იტალიელები ბონუსით სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე ამოვიდნენ.
ანდრეა კავინატოს შეგირდები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, რომელბმაც პირველ ნახევარში სამი კარგი ლელო დადეს.
მატჩის შემდეგ ესპანელთა მწვრთნელმა, სანტიაგო სანტოსმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა უკუნაბიჯი გადადგა და რომ საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ის დღეს უფრო მეტს ელოდა.
ტომაზო კასტელოს თქმით კი, პირველ რაუნდში არგენტინელებთან წაგებული თამაშის მერე, გუნდი უფრო შეიკრა და შესაძლებლობების მაქსიმუმზე მეტი გამოიყენა.
სატურნირო მდგომარეობა და ფინალური რაუნდი
ამრიგად თბილისის თასის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ არგენტინელებმა უფრო განიმტკიცეს პირველი ადგილი. ბოლო ადგილიდან მეორეზე გადმოინაცვლეს იტალიელებმა. ბორჯღალოსნები მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ, ხოლო ესპანელები კლვლავინდებურად ნული ქულით, ბოლო საფეხურზე იმყოფებიან.
22 ივნისს IRB თბილისის თასი 2014-ის ფინალური რაუნდი გაიმართება, რომელშიც ბორჯღალოსნები მზარდ იტალიელებს, ხოლო არგენტინელები ესპანეთს ეთამაშებიან.
Rugby.GE