ჩილემ ესპანეთის ერა დაასრულა
ესპანეთის ნაკრებმა ჩილესთან მარცხის შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.
გუშინდელ შეხვედრამდე ვისენტე დელ ბოსკე ცვლილებებზე ბევრს საუბრობდა , თუმცა სასტარტოში მხოლოდ ორი ახალი სახე გამოჩნდა. ჩავის ნაცვლად მოედანზე პედრო გამოვიდა, ხოლო პიკე ხავი მარტინესმა შეცვალა.
მთავარი ცვლილება ესპანელების ტაქტიკას ეხებოდა. ესპანელთა მწვრთნელის ჩანაფიქრით “ფურია როხას” ფეხბურთელებს შეტევების დროს მოედნის მთელი სიგანე უნდა გამოეყენებინათ, რასაც ჩილელების დაცვის “გაწელვა” და შესაბამისად თავისუფალი სივრცეები უნდა მოეტანა.
თუმცა, დელ ბოსკეს ჩანაფიქრდი მოედანზე ვერ განხორციელდა. პირველივე წუთებზე ჩილელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. დარჩენილი წუთებიც სამპაოლის შეგირდების კარნახით წარიმართა. მისი შეგირდების მთავარი პლიუსი სწრაფი თამაშია. ხშირ შემთხვევაში ესპანელები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ჩილელთა ტემპიანი იერიშების შეჩერებას.
ტაიმის შუაში ჩილელებმა ბურთი მოედანის ცენტრში მოიპოვეს და სწრაფი შეტევით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, რის შედეგადაც ვარგასი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ანგარიშიც გახსნა. ამ ეპიზოდში ესპანელი მცველების უსუსური თამაში უნდა აღინიშნოს.
სტანდარტული ესპანური “ტიკი-ტაკა” აღარ მუშაობდა. დიეგო კოსტაზე გაგზავნილი გრძელი გადაცემები კი ადრესატამდე ვერ აღწევდა. ჩილესთან ჰოლანდიური კოშმარი გრძელდებოდა, რაც ტაიმის ბოლოს გაშვებულმა კიდევ ერთმა გოლმაც დაადასტურა. იკერ კასილიასმა სანჩესის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია და არანგისს ფეხზე დაასვა. ამ უკანასკნელ გატანა არ გასჭირვებია – 2:0.
მეორე ტაიმში დელ ბოსკემ საყრდენი მოხსნა და მოედანზე შემტევი ტიპის ნახევარმცველი შეუშვა. ესპანეთი უფრო შემტევი და მოძრავი გახდა, თუმცა ყველასთვის საყვარელ ესპანეთამდე ჯერ კიდევ შორი იყო…
მატჩის ბოლო წუთებზე მოქმედი ჩემპიონები ვაბანკზე წავიდნენ. მოედანზე ტორესი გამოჩნდა. ესპანელებმა მეტოქე საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა რეალური შედეგი მათ გააქტიუროებას არ მოჰყოლია.
დელ ბოსკეს შეგირდებს ერთი მატჩი დარჩათ, რომელიც უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩილემ კი დამსახურებულად მოიპოვა შესანიშნავი გამარჯვება და პლეი-ოფში თამაშის უფლება.
ესპანეთი 0-2 ჩილე
გოლები: ვარგასი 19′ ; არანგისი 43′