კლუბების ფინანსური მონიტორინგი იწყება
როგორც საფეხბურთო საზოგადოებისთვის ცნობილია, უეფამ ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგა ფინანსური მონიტორინგის (ე.წ. ფინანსური ფეარ–პლეის – ფფპ) სისტემა ევროპულ საკლუბო ტურნირებში მოასპარეზე კლუბებისთვის, რომლის თანახმადაც, უეფა უფლებამოსილია, ფფპ მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის გამო, კლუბების მიმართ გაატაროს მკაცრი სანქციები, მათ შორის, არ დაუშვას შეჯიბრზე.
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, გარკვეული შერჩევითი შემოწმების საფუძველზე, უკვე მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება სერბეთის ჩემპიონის – „ცრვენა ზვეზდას“ მიმართ, რომელიც სპორტული შედეგის მიუხედავად, ვერ იასპარზებს 2014–2015წწ. ევროტურნირებზე.
უეფამ ასევე დაუწესა სხვადასხვა ტიპის სანქციები 9 ევროპულ კლუბს: „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „პსჟ“ (საფრანგეთი), „ბურსასპორი“ (თურქეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), „ლევსკი“ (ბულგარეთი), „ანჟი“ (რუსეთი), „რუბინი“ (რუსეთი), „ზენიტი“ (რუსეთი).
ამის პარალელურად, სფფ–ის აღმასკომის 2013წ. 21 აგვისტოს 26–ე სხდომის მიერ დამტკიცებული ეროვნული ლიცენზირების მოთხოვნების თანახმად (იხ. სფფ–ის საკლუბო ლიცენზირების დებულებების დამატება ეროვნული საკლუბო ლიცენზირების მიზნებისთვის, მუხ. 53), მიმდინარე სალიცენზიო სეზონიდან ფინანსური მონიტორინგის სისტემა დაინერგა ეროვნულ დონეზეც, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური ვალდებულებების მუდმივად შესრულება სავალდებულოა 2014–2015წწ. ეროვნული ლიცენზიის მფლობელი ყველა კლუბისთვის.
ფინანსური მონიტორინგის ძირითად საგანს წარმოადგენს:
– იურიდიული საკითხები
– ე.წ. „არაწამგებიანობის წესი“ (მხოლოდ უეფას ლიცენზირების მიზნებისთვის)
– 30 ივნისის მდგომარეობით არსებული სატრანსფერო, საგადასახადო და თანამშრომლების მიმართ ვალდებულებების შესრულება
– მოსალოდნელი ფინანსური ინფორმაციის განახლება (მათ შორის, ე.წ. „ფუნქციონირებადი საწარმოს“ საკითხი)
– სხვა ინფორმაცია, რომელსაც სფფ/უეფა მიიჩნევს საჭიროდ, ფინანსური მონიტორინგის მიზნებისთვის
ფინანსური ფეარ–პლეის ვადების მოახლოებასთან დაკავშირებით, სფფ ლიცენზირებულ საფეხბურთო კლუბებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სფფ–ის სალიცენზიო ორგანოებს უნდა წარედგინოს ა/წ 8 ივლისამდე.
უეფას ფინანსური მონიტორინგის შედეგები ევროპულ მმართველ ორგანოს მიეწოდება ა/წ 15 ივლისამდე, რომელიც თავად შეაფასებს ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს.
რაც შეეხება ეროვნულ ფინანსურ მონიტორინგს, ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბებისგან მიღებული ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, სფფ უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი სანქციები, მათ შორის, დაიწყოს ეროვნული ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესი.
კლუბები უკვე წერილობით არიან ინფორმირებული ფინანსური მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და იმედია, დროულად მიიღებენ ზომებს შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სფფ-ის პრესსამსახური