მიხალ ბილეკი – უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ
დინამოს პირველი უცხოური შეკრება სრულდება. გუნდი ხვალ დილით დაბრუნდება სამშობლოში. შეკრების ბოლოს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს- მიხალ ბილეკს ვთხოვეთ დინამოს პირველი უცხოური შეკრების შეჯამება.
მიხალ ბილეკი – პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. სასიხარულოა, რომ ის ჩანაფიქრი, ის მიზნები, რაც ამ ეტაპზე გვქონდა, შესრულებულია. ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკრება მომავალში ძალიან წაგვადგება.
ბურთთან ურთიერთობის, ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ფებურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი მიზანია უფრო აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ.
რაც შეეხება სპარინგებს, ეს შეხვედრები ჩვენ ძალიან დიდი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. 7 ბურთის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, რაც არ უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, მითუმეტეს, გუნდთან რომელიც საუდის არაბეთის პირველობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოდის. ამ მატჩში გამოჩნდა იმ თამაშის კონტურები საითაც ვისწრაფვით.
ახალწვეულებით (ლიჩკა, შერშუნი) ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთოთ. ყველაფერს მეორე ჰოლანდიური შეკრება გაარკვევს. ცხადია გაძლიერება, ევროპული მენტალობის უფრო ფართოდ შემოტანა გუნდში და უფრო დიდი კონკურენცია ყველა რგოლში უკეთესი იქნება, ვნახოთ…
მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, გუნდს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიგვაჩნდა, მხოლოდ 1 თამაში დარჩა ჩასატარებელი. რამდენიმე წლის მანძილზე დატვირთულმა გრაფიკმა იჩინა თავი და ესპანელები გამოფიტულები იყვნენ. აი ჩილეს და მექსიკის გუნდები ნამდვილი აღმოჩენაა. ისინი ტაქტიკურად გამართულად, აგრესიულად და ძალიან სწრაფად თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთში მთავარია.
FCDinamo.GE