რუმინეთში გამგზავრებამდე 20-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა (ვიდეო)
საქართველოს 20-წლამდლთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი 20-წლამელები შეკრებაზე თბილისში, დიღმის ბაზაზე იმყოფებოდნენ, დღეს კი გეზს რუმინეთისკენ აიღებენ, სადაც 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ და იგივე მიზნით ლუქსემბურგში გადავლენ.
ამ მატჩებში მთავარი მწვრთნელი, დავით უსტიაშვილი 13 მოთამაშეს გამოცდის, საიდანაც საბოლოოდ იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. საქართველოს ნაკრები „ბ“ დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად. მთლიანად „ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო „ა“ დივიზიონის საგზურებს სამეულში მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.
20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, მოსამზადებელ შეკრებას 23-27 ივნისს გაილის, ხოლო ლუქსემბურგში 27 ივლისიდან 4 ივლისამდე დარჩება. ევროპის ჩემპიონატი კი ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში 10-20 ივლისს გაიმართება.
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მთავარ მწვრთნელსა და გუნდის ერთ-ერთ ლეგიონერს გავესაუბრეთ.
დავით უსტიაშვილი: უცხოეთში სპარინგ-მატჩების გასამართად 13 მოთამაშით მივდივართ. კიდევ 3 კალათბურთელი ვარჯიშობდა ჩვენთან, მაგრამ ლოლივილი და გელაზონია გარკვეული მიზეზების გამო გამოგვაკლდნენ, ლევან გრძელიძეს კი ფეხის ტრავმა აწუხებს და რუმინეთ-ლუქსემბურგში ვერ მოდის.
– შემადგენლობაში დაახლოებით ნახევარი 19 წლის მოთამაშეა, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში პირველად არიან. დანარჩენებს აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება და იმედი მაქვს, მათი გამოცდილება გუნდს სასიკეთოდ წაადგება.
– გავიარეთ 20-დღიანი შეკრება „დინამოს“ ბაზაზე და ბიჭები ცოტა გადაღლილები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, ძალებს მალე აღიდგენენ, ეს ამხანაგური მატჩებიც წაადგებათ და ევროპის ბოსნიაში გასამართ ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდებიან. რუმინეთში 2 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, ხოლო ლუქსემბურგში – 3-ს.
– 5 დღის წინ შემოგვიერთდა ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ესპანეთში პოლიპების ოპერაცია გაიკეთა და ჯერჯერობით ფორმის აღდგენის პროცესშა. ის ეროვნული ნაკრების წევრია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. გვყავს მეორე ლეგიონერიც, ნუგზარ აბულაძე, რომელიც ამ ასაკში პირველად თამაშობს. ის ვარჯიშებზე მონდომებულია და ვნახოთ, გუნდს თამაშებში როგორ გამოადგება.
– ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის გათამაშების ფორმატი შედარებით უხერხულია ჩვენთვის, რადგან მეორე ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად 2 საუკეთესო გუნდში უნდა მოხვდე, თან ჯგუფი 7-გუნდიანია. ვერაფერს ვიზავთ, ესეთია ფორმატი და ჩვენც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
– რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას, საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს ჰოლანდიის, ავსტრიის, უკრაინის სახით. ძლიერები არიან ბელარუსი, ფინეთი და შვეიცარიაც. ჩვენი მიზანია, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, დავინახოთ ის პერსპექტიული კალათბურთელები, რომლებიც მომავალში გამოადგებიან ეროვნულ ნაკრებს. რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.
ნუგზარ აბულაძე: წინა წელს ეროვნული გამოცდების გამო ვერ ვითამაშე 18-წლამდელთა ნაკრებში, რაც ძალიან ცუდი იყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. მას შემდეგ ბოლომდე გადავერთე კალათბურთში და სწავლა ხელს არ მიშლის. გასული სეზონი გავატარე ესპანეთშ, კანარის კუნძულების საკალათბურთო აკადემიაში, სადაც ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფაცაციას დახმარებით მოვხვდი. ეს აკადემია იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პერსპექტიული მოთამაშეები მიავლინოს.
– გასული სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია, მონაწილეობა მივიღე ესპანეთის ასაკობრივ ჩემპიონატი და მოვიგეთ კანარის კუნძულების ჩემპიონატი, რის შემდეგაც გადავედით რეგიონალურ ფინალში, მაგრამ მე ნაკრებში გამომიძახეს და პლეი ოფის თამაშებში ვერ ვმონაწილეობ.
– მომავალ სეზონში კარიერას სავარაუდოდ ამერიკაში, სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გავაგრძელებ. უნივერსიტეტის გამოცდები უკვე ჩავაბარე, ახლა კი მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ სასწავლებლის გუნდთან, რომელიც თითქმის დასრულებულია და საბოლოოდ გადაწყვეტამდე, უნივერსიტეტის სახელის დასახელება არ მინდა.
– ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს მეტოქეებიდან რამდენიმე კალათბურთელს ვიცნობ. ესპანეთში თამაშობდნენ ჰოლანდიის 2 და ფინეთის ნაკრების 1 წევრი. საკმაოდ კარგი ბიჭები არიან და მთლიანობაში ურიგო გუნდი არ ეყოლებათ. ვნახოთ, რა გამოგვივა ევროპის ჩემპიონატზე.
gbf.ge