ესპანეთის ნაკრების თვითმფრინავს ელვა დაეცა
ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში თვითმფრინავით დაბრუნდა, თუმცა მათ მგზავრობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
მადრიდში დაფრენისას თვითმფრინავის მარჯვენა ფრთას ელვა დაეცა, რასაც ერთგვარი პანიკა მოჰყვა. აფეთქების მსგავსმა ხმამ მგზავრები შეაშინა, თუმცა რეისის ხელმძღვანელებმა მალევე აცნობეს მათ, რომ ეს მხოლოდ ელვა იყო. საბედნიეროდ, ინციდენტმა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც ესპანეთის დელეგაციამ აეროპორტი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების გვერდის ავლით დატოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ფურია როხა“ სამშობლოში მთლიანი შემადგენლობით არ დაბრუნებულა. კერძოდ, დიეგო კოსტამ, ფრანჩესკ ფაბრეგასმა და ხერარ პიკემ არდადეგების გატარება სწორედ ბრაზილიაში მოისურვეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა.