მცხეთის ტურიდან ფინალის საგზური “მისაქციელმა” მოიპოვა
გუნდ And 1-ის გამარჯვებით დასრულდა 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მცხეთის ტური. თბილისის ტურის შემდეგ ეს იყო რიგით მეორე შესარჩევი ტურნირი, რომლის მიზანიც საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მონაწილეების გამოვლენაა.
თბილისის ტურმა, 22 ივნისს, 6 ფინალისტი გამოავლინა. მცხეთას კი ერთგუნდიანი კვოტა ერგო და ეს ადგილიც გუნდმა „მისაქციელმა“ მოიპოვა, რომელსაც 2 თბილისელი მოთამაშე ჰყავდა დამატებული. განვმარტავთ, თუ რატომ არ ერგო მცხეთის ტურის გამარჯვებულ AND 1-ს ფინალის საგზური. რეგიონალურ ტურებში ფინალური ეტაპის საგზურები განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გუნდებისთვის, ხოლო სხვა ქალაქიდან ჩასული გუნდების მოტივაცია ისაა, რომ წარმატების შემთხვევაში მათ პირადი რეიტინგი უუმჯობესდებათ.
მცხეთის ტურში მონაწილეობა 7-მა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი: AND1, “ქლაჩ“, „პუმას“, „მისაქციელი“, „მცხეთა უორიორს“, „ოპტიმუს 14“ და „სამაია“.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფინალში „მისაქციელი“ და AND1 გავიდნენ. მატჩი თავიდან იყო დაძაბული, თუმცა შემდეგ AND1-მა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მატჩი დროზე ადრე მოიგო. ეს ნიშნავს, ორმ გამარჯვებული 21 ქულამდე დროის ამოწურვამდე ავიდა და თამაში შეწყდა: 21:9.
ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვების ცერემონიალი. გამარჯვებული გუნდი დათო ეძგვერაძის, ირაკლი ალხანაიძის, ზუკა მაჩალაძის და ზურა მაისურაძის შემადგენლობით კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ სიგელებით, მედლებით და თასით დააჯილდოვა. მანამდე კი გუნდი „მისაქციელი“ (დათო სიდამონიძე, ლევან ლოლიშვილი, გიორგი ხუროშვილი, დავით დეკანოიძე) მეორე ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი სიგელ-მედლებით მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური 26 ივნისს თელავში გაიმართება.
superleague.ge