ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.
„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.
არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.
გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.
„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.