ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში
„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.
კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.
როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.
„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.
ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.