ირაკლი ძარია – ოფიციალურ შეხვედრებს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით
დღევანდელი დღე შეკრებაზე კვლავ ორჯერადი ვარჯიშებით იქნება დატვირთული. გუშინ დილით ჩატარებული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, საღამოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა გუნდის ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და მსურველებისთვის, ამსტერდამში მცირე ექსკურსიაც მოეწყო. ჰოლანდიური შეკრების, მომავალი მეტოქის და მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებების გაზიარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს- ირაკლი ძარიას ვთხოვეთ.
ირაკლი ძარია– კარგი სავარჯიშო პირობები გვაქვს. იდეალური გარემოა მოსამზადებლად. სპარინგებიც ძლიერ გუნდებთან გვაქვს, სადაც გამოჩნდება ჩვენი მინუსები, რაზეც ვიმუშავებთ ოფიციალურ შეხვედრებამდე და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდებით აქტობესთან მატჩებს. ჩემი აზრით შესაძლო ვარიანტებიდან აქტობე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ის გუნდი, რომლის გამარჯვებასაც ვისურვებდი ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა მუნდიალს, ინგლისს ვგულისხმობ. ახლა ჩემი სიმპათიები საფრანგეთის ნაკრებისკენაა და ვფიქრობ მეოთხედფინალში ფრანგები გავლენ, ისევე როგორც გერმანელები, რომელთაც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მივიჩნევ. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ფან-კლუბის გლადიატორების წევრებს, რომლებმაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომცეს, ეს ჩემთვის დიდი ჯილდოა.
FCDinamo.GE