მარცხი რუმინელებთან შეხვედრაში
2014 წლის 6 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი ”ბოტოშანი” გახლდათ.
დღევანდელი სპარინგ-მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს ზესტაფონელები იყვნენ – გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ რუმინელები ბეწვზე გადარჩნენ. 27-ე წუთზე ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა – იმერელთა გუნდის დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა რუმინელთა შემტევმა პაულ ბატინმა და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.
შემდეგი 7 წუთი “ზესტაფონისთვის” კოშმარულად წარიმართა – 30-ე წუთზე სებასტიან იანკმა და 34-ეზე არმან სვიჩიმ კიდევ ორჯერ აიღეს ბოიან პავლოვიჩის კარი. ტაიმის ბოლომდე ანგარიშში სამბურთიანი სხვაობით ჩამორჩენილმა იმერლებმა გაიბრძოლეს და 40-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ძალიან ეფექტური გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება მოახერხა.
შეხვედრის მეორე ტაიმი ქართული გუნდის გარკვეული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ოპონენტთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვახტანგ ჭანტურიშვილისა და მიხეილ სარდალიშვილის სახიფათო დარტყმები), თუმცა, საბოლოოდ, მატჩის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა – რუმინელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური