ესპანეთში უკვე იყიდება „ბარსელონას“ ფორმა სუარესის გვარით
ბარსელოანს ერთ-ერთ ცნობილ სპორტულ მაღაზიაში გასაყიდად გამოტანეს „ბარსელონას“ ფორმა, რომელსაც ზურგზე ლუის სუარესის გვარი აწერია. მწარმოებელთა აზრით, „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში გადავა და 9-ნომრიან ფორმას მოირგებს, რომელიც წინა სეზონში ალექსის სანჩესს ემოსა. თავად სანჩესის გადაბირებას კი ლონდონის „არსენალი“ ცდილობს.
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა განაცხადა, რომ სუარესის „ბარსელონაში“ გადასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში იყო შეთანხმებული. როგორც მოგეხსენებათ, დეკემბერში „ლივერპულმა“ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც მიუთითა.
„სუარესი „ბარსელონას“ მხრიდან დაინტერესებაზე ჯერ კიდევ ნოემბერში მიყვებოდა. მაშინ კლუბებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, თუმცა „ლივერპულს“ ასეთი სეზონის შემდეგ ლუისის გაშვება არ სურს. ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასთან“ მანამდე არსებული ყველა შეთანხმება გააუქმა.
ლუისმა ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ შეიტყო და ძალიან გაბრაზდა. ის სხვა ადამიანად გადაიქცა. სუარესი ძირითად გუნდთან ერთად არც ვარჯიშობდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა“, – ტაბარესის სიტყვები სხვადასხვა ევროპულ სპორტულ ინტერნეტგვერდებზე ქვეყნდება.