ვან გაალი: „რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე“
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მატჩი შეაჯამა.
„ცვლილების უფლება რომ მქონოდა, ტიმ კრულს კვლავ გამოვიყვანდი იასპერ სილესენის ნაცვლად, თუმცა იმ დროს უკვე სამივე შეცვლა მქონდა განხორციელებული. რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე. სწორედ ჩემმა „ალკმაარმა“ მისცა მას ევროპული ფეხბურთის საგზური. იმედია, სწორად გამიგებთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები იდეალურად შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაშინ პირველივე პენალტი გავიტანეთ. დღეს ორ ფეხბურთელს ვთხოვე თერთმეტმეტრიანის შესრულება. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ვლაარი დაარტყამდა, რადგან, ჩემი აზრით, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, მას დარტყმა არ გამოუვიდა.
არ მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე და ჩემს გუნდზე. კი ბატონო, ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, არგენტინის ნაკრების დაცვის კარგი თამაში აღსანიშნავია. უნდა ვთქვა, რომ ვერც მეტოქემ ვერ შექმნა ბევრი ხიფათი ჩვენს კართან. დაბალანსებული მატჩი გამოვიდა, ბევრი იყო ტაქტიკური ნიუანსები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რობენი, ვან პერსი, სნეიდერი, მესი, აგუერო, ლავესი თამაშობდნენ, მაინც ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა.
ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ ტურნირზე ფანტასტურად გამოვედით. არავინ ელოდა ჩვენს ნახვას არამცთუ ნახევარფინალში, პლეი-ოფშიც კი. მექსიკა და კოსტა რიკა ორგანიზებული და ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებმა ეს ბარიერები დაძლია. დავმარცხდით მდიდარი საფეხბურთო ისტორიის მქონე არგენტინის ნაკრებთან და ისიც პენალტების სერიაში. სამწუხაროა. არადა, თანაბარი თამაში იყო“, – განაცხადა ვან გაალმა.
ახლა ჰოლანდიის ნაკრები საპატიო მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.