აღმასკომის სხდომა ორშაბათს გაიმართება
როგორც 8 ივლისს, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაანონსდა – ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომავალი სეზონის ფორმატისა და სისტემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება აღმასკომის მომდევნო სხდომაზე, კერძოდ ხვალ, 11 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო. აღმასკომის წინა სხდომას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანიც, რომლის თხოვნა საკითხის განხილვის გადადების შესახებ სფფ-ის უმაღლესმა ორგანომ გაიზიარა.
ვინაიდან აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომის გამართვამდე დარჩენილი რამოდენიმე დღე საკმარისი არ აღმოჩნდა სახელმწიფო სტურუქტურებთან ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სისტემისა და რეგლამენტის, ასევე კლუბებზე გადასაცემი თანხის რაოდენობის დასაზუსტებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნაცვლად პარასკევისა, ჩატარდეს ორშაბათს 14 ივლისს, 15:00 საათზე.
სფფ-ის პრესსამსახური