ჩიხურამ ტურნოვო თბილისშიც დაამარცხა
საჩხერის “ჩიხურა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. სოსო ფურიძის გუნდმა მაკედონიური ტურნოვო განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა.
სკოპიეში მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ “ჩიხურამ” განმეორებითი შეხვედრაც აქტიურად დაიწყო და ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხა. მე-7 წუთზე კუჭუხიძის კარგი გადაცემა გაბედავამ ეფექტურ გოლად აქცია. მალევე ქიმაძეს “ჩიხურას” უპირატესობის გაზრდა ორამდე შეეძლო, თუმცა საჩხერელთა ნახევარმცველის დარტყმული მცირე მანძილით აცდა მაკედონელთა კარს. გატანა კუჭუხიძესაც შეეძლო – საჩხერელთა ათიანის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.
დაწინაურებული “ჩიხურა” მატჩის მსვლელობას სრულად აკონტროლებდა. სტუმრები მხოლოდ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. ერთ-ერთი ასეთ ეპიზოდში სომხიშვილი შეცდა, თუმცა რეხვიაშვილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა.
ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს მოდუნდნენ, რაც ტაიმის ბოლო წუთზე გაშვებულ გოლად დაუჯდათ. “ტურნოვოს” ფეხბურთელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს, რომლის ჩამოწოდების შემდეგ საჯარიმოში არეულობით პანდოვსკიმ ისარგებლა და ანგარიში ძლიერი გაათანაბრა.
მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. სტუმრების პოზიციურ შეტევებს ხიფათი არ მოჰყოლია, ხოლო “ჩიხურა” კონტრშეტევებით ცდილობდა მეტოქის დამწუხრებას.
აღნიშნულმა ტაქტიკამ გაამართლა და 67-ე წუთზე გაბედავამ “ჩიხურა” კვლავ დაწინაურა. მალევე საჩხერელთა შემტევს ჰეთ-თრიკის გაფორმების საშუალება ჰქონდა, მის დარტყმულ კუთხური მოჰყვა, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. დუბლის ავტორი გაბედავა ამჯერად ასისტენტის როლში მოგვევლინა, გოლი კი რეხვიაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
“ჩიხურა” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ “ბურსასპორთან” მოსინჯავს ძალებს.
ჩიხურა 3-1 ტურნოვო
გოლები: გაბედავა 7′ (1:0); პანდოვსკი 45′ (1:1); გაბედავა 67′ (2:1); რეხვიაშვილი 75′ (3:1)
ჩიხურა: სომხიშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჭელიძე, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე, გაბედავა (კორიფაძე 80′), კუჭუხიძე (მუმლაძე 79′)
ტურნოვო: დიმოვსკი, ტაშევი, მუტაფჩინსკი, ჰარიზანოვი (კოვაჩევიჩი 53′), მავროვი (დოლაპჩიევი 60′), ნაიდენოვი, ვარელოვსკი, პანდოვსკი (ნაუმაჩევსკი 49′), პანდევი, ჩურილინოვი, გეორგიევი.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურას მწვრთნელი): “რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, თუმცა მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, რაც შედეგზეც აისახა. მეტოქე ფიზიკურადაც და სისწრაფეებშიც დავჩაგრეთ და სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ.
შემდეგ ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და დღევანდელი თამაში ხარისხით წარმატებულ თამაშზე ფიქრი რთულია.
მეორე ეტაპისთვის შესაძლოა ჯიღაურით გავძლიერდეთ. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული”
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები