ოფიციალურად: მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს წევრია
მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელია. რუსეთისა და ევროპის გრანდმა საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი შემტევი უკანახაზელი, მანუჩარ მარკოიშვილი მათი წევრი გახდა.
არმიელებმა ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქართველი ფორმარდი მოსკოვში ჩავიდა და ცსკა-ს ოფისში კონტრაქტი გააფორმა. არმიულმა გუნდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მანუჩარმა და ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთეს.
დიმიტრის იდუტისი, ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი: ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შევძელით ისეთი ენერგიული და შეუპოვარი მოთამაშის შემატება, როგორიც მანუჩარ მარკოიშვილია. მე მქონდა შესაძლებლობა, გასულ სეზონში ყურადღბით დავკვირვებოდი მანუს თამაშს თურქეთის ლიგაში. ასევე მანამდეც არაერთხელ მინახავს მისი გარჯა იტალიურ „კანტუსა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ სათანადოდ გამოვიყენოთ მისი შეუპოვრობა, ენერგიულობა, ბრძოლისუნარიანობა და კარგი დაცვითი თამაში. მისი გაბარიტები მანუს ძალიან დაეხმარება მეტოქე დაცვაში საიმედოდ აიყვანოს. ამასთან ერთად, მარკოიშვილი შესანიშნავი შემტევი და ძალიან კარგი შემსრულებელია. იმედს ვიტოვებ, რომ გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები და მთელი პერსონალი ყველანაირად დაეხმარებიან მანუს, სწრაფად გაიაროს ადაპტაცია და გახდეს ჩვენი ორგანიზაციის ღირსეული წევრი.
მანუჩარ მარკოიშვილი, ცსკა-ს უკანახაზელი: ალალად გეტყვით, არ ველოდი, რომ ცსკა-სგან შემოთავაზებას მივიღებდი, თუმცა ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი.ამიტომაც, როცა კლუბიდან შემეხმიანნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცმევ ცსკა-ს მაისურს, როდის გავხდები დიადი ორგანიზაციის წევრი – მინდა, რომ დრო მალე გავიდეს. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა და ეხლა ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ყველა მატჩში გავიმარჯვოთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, თუმცა ეს მხოლოდ მახარებს, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, მივაღწიო ყველაზე მაღალ მწვერვალებს. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
gbf.ge