დავით უსტიაშვილი: ფინეთთან მატჩის წინ სასტრუმროში გადაბარგება მოგვიხდა
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩში ავსტრიის საკმაოდ ძლიერ გუნდს 17 ქულით მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ ბოსნიაში ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ.
კარგი თამაში იყო, განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ და მნიშვნელოვან წილად ამან განაპირობა გამარჯვება. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და ბოლომდე გვებრძოლა. მთელი თამაში უკან მოგვსდევდა, სოლიდურად დაწინაურებას ბოლო წუთებამდე ვერ ვახერხებდით. საბოლოოდ ჩვენი ბიჭების მონდომებამ დამსახურებული შედეგი გამოიღო.
– გუშინ ფინეთთან წააგეთ, რას იტყვით ამ მატჩზე?
– არაა ლამაზი, რომ მარცხი გარე, არასპორტულ ფაქტორებს დავაბრალოთ, თუმცა იმის მიზეზი, რომ დიდი სხვაობით დავმარცხდით, სწორედ არასპორტულია. ერთი, რომ ჩვენი მატჩი გახსნის იყო და დღის 1 საათზე გაიმართა. ჩვენი გუნდი წინა დღეს ჩავიდა და ისედაც ნაკლები დრო გვქონდა ძალების აღსადგენად, მაგრამ ამას ცუდი დახვედრა დაერთო. ორგანიზატორებმა გაუგებარი მიზეზით თამაშის დღეს გადაწყვიტეს, რომ ნომრები გამოეცვალათ ჩვენთვის. ისე გამოვიდა, რომ გუნდი ისე წავიდა მატჩზე, რომ ბიჭებს საკუთარ ოთახში არ დაუსვენიათ. აშკარაა, რომ გუნდმა ძალები ვერ აღიდგინა და ფინეთთან მატჩში უშანსოდ დამარცხდა.
– თვენ უყურეთ სხვა გუნდების თამაშებსაც და რას იტყვით ჩვენს მეტოქეებზე?
– არც ერთი არაა ხელწამოსაკრავი. ძლიერი გუნდები ჰყავთ ჰოლანდიას, უკრაინას, ბელარუსს. ავსტრიაც საკმაოდ ძლიერია, გუშინ ამ გუნდმა შვეიცარია 24 ქულით დაამარცხა. ყველაფერი წინაა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
– ფინეთთან მხოლოდ ბექა ბურჯანაძემ ითამაშა შედეგიანად, დღეს კი მას სხვებმაც აუბეს მხარი…
– ეს ისევ და ისევ გუშინდელი მოუმზადებლობის ბრალია. გადაღლილმა შემადგენლობამ ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების გამოვლენა. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო მერაბ მირზიაშვილმა, რომელმაც დღევანდელ მატჩში ვერ ითამაშა და არ ვიცით, მოახერხებს თუ არა რეაბილიტაციას.
– მომდევნო მატჩში უკრაინას ხვდებით…
– უკრაინის თამაშის ფირი მოვიპოვეთ და ხვალ მას ვიდეოანალიზს გავუკეთებთ. ხვალ დილით ვივარჯიშებთ, აქაური დროით კი 17:00 საათზე თამაში დაიწყება.
gbf.ge