თბილისი მოლში 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური ტური მიმდინარეობს
თბილისი მოლში საქართველოს 3×3 კალათბურთის პირველი ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური მიმდინარეობს.
თბილისურ და რეგიონალურ შესარჩევ ტურებში გამოვლენილი 16 საუკეთესო გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა. გუნდები ჯერ ჯგუფური სისტემით ითამაშებენ, ამის შემდეგ კი პლეი ოფში თითო ქვეჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ისინი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
ასევე გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ბურთის ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. ფინალური მატჩის წინ, 19:00 საათზე გაიმართება ტრაგიკულად დაღუპული ბაჩო სვანიძის მედია-ტურნირის ფინალი. „ბაჩოს თასი“ 29 ივლისს გაიმართა და ფინალში გასულმა გუნდებმა კალათბურთის ფედერაციისგან 3X3 კალათბურთის მაისურები მიიღეს, რომლებითაც 13 ივლისს, „თბილისი მოლში“ იასპარეზებენ.
19:30 წუთზე გაიმართება 3-ქულიანების კონკურსის ფინალი, 19:45 წუთზე ერთმანეთს ჩატენვების კონკურსის ფინალისტები შეეჯიბრებიან, 20:00 საათზე კი საქართველოს 3X3 ჩემპიონატის ფინალური მატჩი დაიწყება.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორია კომპანია „სამსუნგი“. გენერალური პარტნიორი „ბორჯომი“. ტურნირის ოფიციალური მასპინძელია „თბილისი მოლი“, პარტნიორი კი – ტურისტული კომპანია „თრეველინი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდის გამგზავრებას უზრუნველყოფს რუმინეთში, 3X3 კალათბურთის ევროტურის ერთ-ერთ ეტაპზე.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები