გერმანია მსოფლიო ჩემპიონია!
ფინალური მატჩის ოვერტაიმში მარიო გიოტცეს მიერ გატანილმა გოლმა გერმანიას გამარჯვება მოუტანა.
2014 წლის მუნდიალის მთავარი მატჩი გუნდური თამაშის და გამოკვეთილი ინდივიდუალისტის დაპირისპირებად ანონსდებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. არგენტინის ნაკრები გასულ ტურნირში თავისი არსით საკმაოდ გუნდური მექნიმზი იყო, თუმცა გერმანელებზე ნაკლებად ძლიერი და ეფექტური. მესი ამ ტურნირზე გამორჩეული ლიდერი არ ყოფილა, ისეთი, როგორიც 1990 წლის მუნდიელზე დიეგო მარადონა იყო.
მწვრთნელებს ნახევარფინალებთან შედარებით შემადგენლობა შეცვლა არ უფიქრიათ, თუმცა საკუთარი კორექტივები მატჩისწინა მოთელვამ შიეტანა. გერმანელებს შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამი ხედირა დაუშავდათ, რომელიც ახალგაზრდა კრამერმა შეცვალა. კრამერის ზღაპარი ხანმოკლე აღმოჩნდა, ტრავმის გამო 23 წლის ფეხბურთელმა ადგილი ანდრე შურლეს დაუთმო.
ამ მომენტისთვის გერმანია ტერიტორიულ უპირატესობას უკვე ფლობდა, ხოლო არგენტინამ აქცენტი შეტევაში სწრაფ გადასვლაზე გააკეთა. პირველი ტაიმის დიდი ნაწილი საბელას გეგმა გაცილებით უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა. გერმანელ მცველებს ლავესის და მესის რეიდების შეჩერება უწევდათ, რაც იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ამას შვაიშტაიგერის და ჰიოვედესის ყვითელი ბარათებიც ადასტურებს.
არგენტინელთა სწრაფი კონტრიერიშები დამაგვირგვინებელ ფაზაში იგუაინის ზუსტ თამაშს მოითხოვდა, თუმცა სწორედ ამ კომპონენტში გონსალო გუშინ მოიკოჭლებდა. თამაშგარე მდგომარეობის გამო არჩათვლილ გოლამდე, არგენტინელთა ცენტფორვარდს ორი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ.
ტაიმის ბოლოს გერმანია გაცილებით კრეატიული გახდა. ბუნდესნაკრებმა კომბინაციურად დაიწყო თამაში. პირველი ნახევრის საუკეთესო მომენტიც სწორედ ლიოვის შეგირდებმა შექმნეს. კროოსის კროსის შემდეგ ჰიოვედესმა ბურთი ძელს გაარტყა.
მეორე ტაიმში საბელამ თამაშის გაძლიერება აგუეროს მეშვეობით სცადა, თუმცა “მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა მოლოდინი ვერ გაამართლა. მართალია, აგუერომ ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თავი მხოლოდ ყვითელი ბარათის მიღებით გამოიჩინა.
47-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჩრდილში მყოფ მესის მიეცა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა. მესის შემდეგი აქტიურობა 75-ე წუთზე იყო, თუმცა ისევ განსაკუთრებული ხიფათის გარეშე.
გერმანელები მოედანზე დომინირებდნენ და გამარჯვებასთანაც უფრო ახლოს იყვნენ. თუმცა, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ლიოვის შეცვლების ეფექტურობა დადასტურდა. საბოლოო ჯამში გერმანელთა გამარჯვება დიდწილად სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა განაპირობეს. ამ კომპონენტში ლიოვმა თავისი ვიზავი აშკარად დაჯაბნა.
მატჩის ბედი 113-ე წუთზე გადაწყდა, შურლეს ჩაწოდებას გიოტცე გამოეხმაურა და ბურთი რომეროს კარში აუღელვებლად გადაგზავნა. გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.
გოლი: გიოტცე 113′