ბექჰემი ჯერარდს სანაკრებო კარიერის გაგრძელებას ურჩევს
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იმედს გამოთქვამს, რომ სტივენ ჯერარდი ეროვნულ გუნდში თამაშს გააგრძელებს.
„ლივერპულის“ კაპიტანი არ მალავს, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო კარიერის დასრულებას აპირებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯერარდი უკვე 36 წლის იქნება.
გარდა ამისა, მერსისააიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირადად არის დაინტერესებული, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა საერთაშორისო კარიერა დაასრულოს, რათა სრული კონცენტრაცია კლუბზე გააკეთოს.
დევიდ ბექჰემს განსხვავებული მოსაზრება აქვს.
„ინგლისის ნაკრებში რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი, ვიყავი გუნდის კაპიტანიც. ეს პერიოდი ამ დრომდე მენატრება. ინგლისის ნაკრები ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე სხვა რაღაცები.
კარგი იქნება, თუ სტივენი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს. მსოფლიოს ჩემპიონატმა იმედგაცრუება მოგვიტანა, კაპიტანი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ ამპლუაში გარკვეულ ვალდებულებას გრძნობ, ცდილობ, რომ გუნდი წამოაყენო, სტივენი ყოველთვის იყო ნამდვილი ლიდერის განსახიერება.
ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა უყურებდნენ წარმატებულ ადამიანებს. ვფიქრობ, სტივენი შესანიშნავი კაპიტანია. მას არ სჭირდება ჩემი რჩევები, თუმცა მაინც ვეტყოდი: „სანამ შეგიძლია, ითამაშე ნაკრებში“, – განაცხადა ბექჰემმა.